ღვთის მშობელის ტირილი სიონში – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 02.10.1922

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26094-12-ხ.

გამოცემა : „ბახტრიონი“, №13

პოეზია, შემოქმედება

ღვთის მშობელის ტირილი სიონში

ჩამოეკიდა საწყალ მთვარეს სანთელი ხათრით,

უნდა რომ გაყვეს პროცესია ყველაზე ნაზი.

სიონის ასულს სანთლის კვამლში მოპარეს ხატი.

ატირდა მორცხვი წმინდანებით მოფენილ ქვაზე.

ო, გადაეკრა მთვარის ფიფქი ასულის თვალებს.

მწუხარე დებიც  გადაფრინდნენ წვიმიან კვირით.

მოყვება ხატი მოწყენილი ობის ნაკვალევს.

ობი სიონსაც გადააყრის დანესტილ ქვირითს.

და ყეფს საოცრად შავ კალთასთან ძაღლი სოველი.

ძაღლი ციური და ვარსკვლავზე გადანაფრენი

(დაიწერება ქალბატონზე ახლა ნოველა),

მხოლოდ ასული სპლინისაგან დარჩა ნაკბენი.

იდუმალ ბაღებს ღამის ლორწი დანამავს ხარბათ.

ო, ვინ გაყვება წამებამდე ქუჩას მტვერიანს.

ტირის ასული, სინანულით ტაძარიც დალბა.

არის სამება: ობი, მთვარე და ისტერია.