Sancta Maria – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1922

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26094-9-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

Sancta Maria

თვალ მიბნედილი ვდგევარ შენ წინ, Sancta Maria,

მახარებს ტანჯვა ღვთიურ სახეს რომ გილამაზებს,

მე შენზე ლოცვა ვამჯობინე ვერცხლის არმაზებს

და სხვა ოთახი უშენობით ყრუ სამარეა.

 

მწვანე ქვეყანაც – თუ ვერ გხედავ –  უცხო მხარეა,

არც ხალისი აქვთ გაბრწყინებულ ფერად დარბაზებს!

მე შენ სურათზე ვითვლი ჩუმად ვარდისფერ ხაზებს.

Sancta Maria! შენ ტუჩებზე სიმწუხარეა.

 

ქარვისფერ ლოცვებს ვადნობ შენ წინ ამაყი გურჯი,

ჩემ ფერთა წარსულს რომ ვკითხულობ სათუთ დალალში,

შენი სახება ჩემ ოთახში არის საუნჯე,

 

და უცხო ხატი დაიწვება საფირონ ლალში.

Sancta Maria! შენ ლოყებზე ცრემლები არი!

მიიღე ჩემგან საალერსოდ ეს მინანქარი