ქალაქს მოედვა დღეს ქარიშხალი
(ეკლასიებში დაამსხვრევს ზარებს),
ნევრასტენია და მწვანე შხამი
სამშობლოს ცაზე ჰქმნიან კოშმარებს.
გადაირია მაცხოვრის ხატი
და სუნი დადგა დამპალი ლეშის,
ო, ჩემი ტვინი როგორც პლაკატი
არის გაკრული სვეტზე ღამეში.
ო, საცოდავათ დავრჩი მე მარტო.
დიდია ტანჯვა ცხელ ნიაღვარზე –
მაწვალებს სიტყვა უანდამატო
და საქართველო გაკრული ჯვარზე.
გრიგალს თან მოყვა ყვავილი კუზით,
შმორი, ანთება , ხველა და გესლი.
ო, საკირეში დიდი პაუზით
იწვის სამშობლოს ბებერი თესლი.
და მინდა უთხრა ეს მონოლოგი:
„თუმცა იყავი უპირატესი.
მაგრამ მოვიდენ მაგოგო, გოგი,
გადაგეფარა ლანდი პილატის.
ამოვჭრი სიტყვებს გამოსათხოვარს:
„შენ, მეგობარო, მშვიდობით მარად,
დავემსგავსები ოხერ მათხოვარს,
რომ მოგეჩვენო უშნო მასხარად“