ეპიტაფია – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 15.02.1922

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : „ბარრიკადი“, №7

პოეზია, შემოქმედება

ეპიტაფია

უყვარდა საწყალს ეკლესიის იდუმალება.

ცრემლის ჩარჩოში ჩაჟენილი სანთლის მადონა.

და მის თვალებში ჩაწოლილი იყო წვალება.

მოვიდა ჩუმი და ცხოვრება ეუცნაურა.

დამწვარ დღეების აწვალებდა საშინელება.

შემოეჩვია შორეულის ნაზი ხველება,

და ნინოს თმები დაიყარა გულზე ფარულად.

ცბიერ ცრემლების ატირება ჰქონდა ადათად.

უყვარდა გრიგოლ, ტიციანი და ვალერიან,

ნახა პაოლო ბარბაროსი: გზა აერია.

ო, მათი ხსოვნა ჩაიფინა საფლავში დარდათ.

მიიღო კრთომით ეს ქვეყანა მან ფსევდონიმათ.

თოვლის ვარსკვლავებს – როგორც ვაშლებს – ჰყრიდა ის ველათ.

ააქვითინა მიწა წმინდა ცის საკმეველათ.

დაჰქონდა ზურგით დაბადების წუთი კვიმატი.

იყო ნათელი უმეცარი ჯვარით ავსილი

(ამბობდა ხშირად: სურნელ მთვარეს ცოდვით აცივებს),

ის მოწამლული პოეზიის ყავდა ბაცილებს,

მაგრამ უეცრად სონეტებთან დალია სული.