ბრძოლის ველი მოიფინა ძველი არმაზების ნამსხვრევებით, დღეს აღარ გვაწუხებს მათი ყვითელი გამონათება. ახალი შკოლა შეიმოსა გამარჯვებულის სამოსით. „ცისფერი ყანწების“ ვუალით დასეირნობენ დღეს ჩვენში პოეზიის მსახურნი.
საქართველომ ნახა თავისი თავი. და პოლიტიკურ აღორძინებასთან ერთად დაიწყო ქართული ხელოვნების რენესანსიც. საქართველომ უნდა დაიმკვიდროს თავისი თავი კულტურულად. შემთხვევითი არაა, რომ განთავისუფლებულ საქართველოში ხელოვნების რენესანსის სადავე ახალმა შკოლამ – სიმბოლიზმმა დაიკავა ხელში. იგი სხვა გზას ვერ აირჩევდა.
იყო წარსულში მზიანი გურჯისტანი. პოლიტიკურმა გენიამ შორს გადაიტანა მის მიერ ანთებული ჩირაღდნები. გაასალაშინა გზა მწველი ბაღდათისაკენ მიმავალი. ძვირფას ფარჩებით და ნოხებით დატვირთული აქლემები როგორც დღეები იბაწრებოდნენ ამ გზაზე. ძვირფას ქვებს კინძავდნენ ქართველი ჯენტლმენები მაცდურ კრიალოსნებად ფერად მირაჟებში და ამ ქვებში დაიბადა რუსთაველის სიტყვა. უნივერილურად განვითარებული საქართველო რუსთველის მოწყვეტილმა სიტყვამ დააგვირგვინა, ასეთივე გვირგვინით უნდა შეამკოს განთავსუფლებული საქართველო ახალმა შკოლამ – სიმბოლიზმმა. რუსთაველის სიტყვა ასახავდა ორ ქვეყანას, ორ აზრს. ასეთი იქნება ახალი სიტყვაც.
შოთა რუსთაველიდან დაიწყო გზა ძვირფას კენჭებით მოკირწყლული. უხსოვარ დროში დაიკარგა იგი. „ცისფერმა ყანწებმა“ მოძებნა და განიზრახა მასზე სიარული.
საქართველო მდიდარია უცხო ფერებით, განებივრებულია სურნელოვან ხმებით. სიმბოლიზმმა დაისახა მიზნად მათი გაცხოველება. მისთვის საჭიროა მდიდარი ფერი და სურნელოვანი ხმა, როგორც იარაღი ხელოვნურ ტანჯვისა და შემოქმედებისა. ფერისა და ხმის სინტეზი სიტყვაში იკვანძება. ამიტომ, აქედან იწყება ისტორია ქართული სიტყვის ძიებისა. იგი (სიტყვა) დროთა განმავლობაში ცხრა კლიტულში იყო ჩამწყვდეული. სიტყვა გაძარცული იმ ძვირფას განძებიდან, რომელნიც მას რუსთაველმა შესთავაზა. „ცისფერი ყანწებიდან“ იწყება ორგანიული გასალაშინება სიტყვისა, მისი ესთეტიური ფასეულობის აღდგენა. ხმა იღებს თავისებურ სახეს, დამოუკიდებელ არსებობის უფლებას.
ჩვენ არ გვაწუხებს მოტორების და ქარხნების ხმაური, არ გვაბრმავებს ელექტრონის სხივები.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქართველის ფსიხიკა არ გართულებულიყოს, მის სულს არ მიეღოს ნერვიული სახე. გაიზარდა განცდათა სფერო, დაიბადა ახალი გრძნობანი. ახალი სიტყვა საჭირო იყო უჩვეულო ემოციების გადმოსაცემად. მომავალ ქართველ ლინგვისტს მადლიანი მასალა ექნება სამუშაოდ. სიმბოლიზმი წინათ უცნობ განცდების ასახვისთვის ჰქმნის ახალ სიტყვებს. ახალისებს ძველს, ობით დაფარულს. ვითარდება სიტყვის ტექნიკა. უკვე მდიდარი ლექსიკონი გვაქვს ხელთ. ეს მხოლოდ დასაწყისია დიდი შრომისა. სიტყვის პირდაპირ აზრი უკვე აღარ აკმაყოფილებს ქართველ ხელოვანს. ხმაში ეძიებს შინაარსს გიპნოტიური ალიტერაციებით, ასონანსებით და დისონანსებით ეუბნება იგი მკითხველს იმას, რისი თქმაც სიტყვით ვერ მოახერხა. სიმბოლიზმი აამაღლებს ენის ემოციურ მნიშვნელობას. პოეტური ენა უნდა დაისვას ისევ თავის ტახტზე. მეორე მხრით, საქართველო, ბოდლერის სიტყვებით რომ გამოვთქვათ, „ბუნების ტაძარია, სადაც ცოცხალი სვეტების წყება მალულად თუ დააგდებს ძნელად გასაგონ ხმას. იგი დაეხეტება სიმბოლოთა ტყეში…“ და ამ სიმბოლოების დახაზვას უკვე მოკიდეს ხელი ჩვენში, ხაზავენ მისტიურ სახეებად.
მონუმენტალურ ფრაგმენტებში შეფერილი ხმებით გაიმიჯნა სიმბოლიზმი ჩვენში ისე, როგორც სხვაგან გაზეპირებულ ფორმულებიდან, დაღრეჯილ შაბლონებიდან. მარტივმა და ღრმა რეფლექსებმა გამოაქანდაკეს უკვე ახალი ლექსები, ახალი აღნაგობით, ახალი სტილით და ტექნიკით დაწერილი. არ არის მომწიფებული ახალი შკოლა ჩვენში, არის დაუმთავრებელი სილუეტები, მოუხაზავი პროფილები. მაგრამ ჯანსაღია სხეული ახალი ლექსისა.
ჩვენ გვწამს საქართველოს მესიანიზმი: შედუღება დასავლეთის და აღმოსავლეთის კულტურისა. მიმქრალი იყო ეს იდეია, დღეს კვლავ გაიზმორა იგი ჩვენს წინ. ეს მისია უნდა შეასრულოს ხელოვნებაში სიმბოლიზმმა გასალაშინებულ სიტყვის საშუალებით.
მართალია, სიმბოლიზმი როგორც შკოლა დასავლეთიდან მოვიდა ჩვენში, მაგრამ მის უმაღლეს განვითარებისათვის არსად არ არის ნიადაგი მზად ისე, როგორც ჩვენში. აქ უკვე გაჟღენთილია ჰაერი სიმბოლიური შემოქმედების ელემენტებით: აღმოსავლეთის თვალუწვდენი მისტიციზმი, ჰაერში გაფანტული სახეები, სპარსეთიდან მოტანილი ფერები და მეტყველი ხმები. დღეს ჩვენში არის უკვე ორი პოლიუსი ერთი დასაწყისის, არიან განცალკევებულად.
პაოლო იაშვილში ახმაურდა ხალიჩიანი აღმოსავლეთი: გაბედულ მეტაფორებით, თვალმჭრელ კონტრასტებით. პაოლო იაშვილის პიეზია მშვენიერი მოზაიკაა ძვირფას ქვებით, ფერების ჩრდილებით და ხმებით მოკაზმული. პაოლოს ტრიოლეტებში გამთბარ სიტყვებით იკივლა აღმოსავლეთმა. მეორე მხრით, დასავლეთიც გაიშმუშნა ვალერიან გაფრინდაშვილში, თავისი შეუზღუდველი ფანტასტიკით, ინდივიდუალიზაციის ავადმყოფობით, შეშინებულ სახეებით. გაფრინდაშვილის პოეზია დორიული ტაძარია გამოზომილ, ამაყი არქიტექტონიკით. მისთვის საყვარელია სიტყვის არა ნამდვილი, არამედ შესაძლებელი, ინტიმური აზრი. უნდა მოხდეს ამ ორი პოლიუსის შეხვედრა. ამ ორმა მსოფლმხედველობამ უნდა იქორწილოს ერთ ტაძარში. მეთორმეტე საუკუნემ ეს შესძლო. უნდა შესძლოს განახლებულმა საქართველომ. ქართული ხელოვნება ნაცადი გზით წავა. სიმბოლიზმი ამაყი სიტყვით შეადუღებს ჩვენში პაოლო იაშვილის კერპთაყვანისცემის პანტეიზმს და ვალერიან გაფრინდაშვილის ქრისტიანულ სიღრმეს. და თუ მართლაც დაღლილ დასავლეთს ეჭივრება გადახალისება აღმოსავლეთის მისტიციზმით და მაგიურ ქვებით, ამას შესძლებს უეჭველად გამოცდილი დოსტაქარი – საქართველო. ამ მიზნისაკენ წავა ჩვენში აჩქარებულ ტემპით ცხრვრების მიერ გამართულებული სიმბოლიზმი.
შალვა აფხაიძე
ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, 1919, თებერვალი, №1