ახლობელი პორტრეტები – კოლაუ ნადირაძე – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1922

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „რუბიკონი“, №6

სტატიები, შემოქმედება

ახლობელი პორტრეტები – კოლაუ ნადირაძე

კოლაუ ნადირაძე მოინათლა ავზნიან ქუჩაში, რომელმაც იცის „ფეხის ადგმა“ და სავსეა თავის მკვლელებით, ქუჩა მორწყული „მთვარის ბალღამით“, და დახაშმული მთვარის სიყვითლით. მე განგებ მომყავს ეს პეიზაჟი დეკადანსის უკანასკნელი ტირილის, რომლის სეანსების დროს პოეტი შედიოდა ბრწყინვალე დარბაზებში.

კიდევ ერთი სახე მინდა კონტრასტის შექმნისათვის მოვიყვანოთ აქვე. ეს არის სამი ტრიოლეტი პოეტის, დაწერილი უშუალო  შთაგონებით, და მთვარის ჟრუანტელის ქვეშ.

„უნდა გამოვჭრა შენი ყელი, თეთრი გედური,

ნანატრ მუსიკათ, რომ მომესმას დანის გასობა.

უფრო სასტიკი:

ეხლა მზათა ვარ შენზე დანა ავამთვარულო:

დიდხანს მტანჯავდა, მეძახოდა ეგ წვრილი ყელი!“

……………………………………………………………………………….

„როგორ ვიცინებ, რომ გადმოვა სისხლი ღვარულათ

და მოვარდება ჩემ ყვითელ ტვინს მძიმე უღელი“.

ამ სტრიქონებში მე მელანდება პოეტი სადისტი, რომელსაც შეუძლია ესთეტიური გამართლება მისცეს ყელის გამოჭრას და სისხლის ღელეს. ეს არის სასტიკი სახე იმავე პრიტონების და პოეზიის წყევლის. მე მხოლოდ მაკვირვებს უეცარი გარღვევა რკალის და პოეტის უმტკივნეულო ფერისცვლა. ნივთების გახრწნიდან და მობრუნებულ ფანტასმაგორიის მარწუხიდან პოეტი ავიდა მისტიურ სპირალით მადონას ტუჩებთან და მის ცრემლთან. პოეტის სახე თითქოს გაბრწყინდა და მის თვალებში გადმოვიდა სინათლე ღვთიური. სკეპსისის ნაპირებიდან ის მივიდა სინამდვილის მიღებასთან. დუელიდან გამარჯვებული გამოვიდა. სინამდვილესთან ყველაზე უფრო ახალი ბავშვია, უკანასკნელი მიმღები პირველი სიხარულის და მზის სიცილის – ბავშვი, როგორც ნიშანი პირვანდელ ნაივობის და ხალისიან პრიმიტივის. აღსანიშნავია, რომ კოლაუ ნადირაძე ყველაზე უფრო მაგარია. ბავშვის გაწმენდილ ბუნების მოცემაში. კოლაუ ნადირაძემ, რომელმაც გამოსცადა ორი სერაფიმის სინაზე და წმინდა თვალები, მიიღო ნივთი, როგორც სიყვარული. მიიღო ბავშის საშვალებით. ბავშში არის რაღაც მისტიური მისვლა სინამდვილესთან და კოლაუ ნადირაძე ლექსებში, ჩამორჩენილ გედივით ტირის მისტიურ სახე მოცემულ რეალობას.

არც ერთ პოეტს არ აქვს ნახმარი თვით სიტყვა ბავში იმდენჯერ, როგორც კოლაუ ნადირაძეს „დავმალავ ცრემლებს ენშ ბავშურ თმებში“ (ძველი რითმებით). „ჩემი ბავშობა მაგონდება სათუთი, ნაზი“ (ბავშობა), „ახლა ვიგონებ ჩემ ბავშობას ჩუმათ ვიმღერი“ (იქვე), „ბავშური კაბა გაგონდება, შავი ქამარი“ (ტრიოლეტი), „ცოდვილი ბავშვი დღეს სულ უძლური მე ვიწყებ ლოცვას“ (კეთროვანება), „თქვენ, სულო ჩემო, საცოდავი ხართ როგორც ბავში“ (ბალდახინი,) „სუფთათ მორთული მე ვნახე ბავში“ (სასწორი), „ო, წმინდა ბავშო, ოქროსფერ თმებით, წვრილი მუხლებით“ (იქვე), „როგორც ბავშები დავატარებთ არშიან კაბებს“ (საქორწინო მოგზაურობა მთვარესთან ერთად), „კმარა ბავშობა! ამ წუთების ინკვიზიცია“ (ცხოვრება ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი). უკანასკნელი ხაზი პოეზიაში მისვლა ბუნებასთან (ან გრძნობასთან – გერმანული ექსპრესიონიზმი) კოლაუ ნადირაძემ მიიღო, როგორც მაღალი ჭეშმარიტება და ამით გამოვიდა იმ მოშხამულ წრიდან, სადაც ისმის პოეზიის განწირული ხმა და უკიდურესობამდე დაწვრილებული ხილვა საგნის. მიიღო ბავში, რომელიც ყველაფერს გამართულ მზერით უყურებს, და არის ხატი სიწმინდის, სინაზის, ღვთიურ სიმართლის, რომელშიც გადასულა ღმერთი და მისი ენით მეტყველობს. პოეტი თვითონ იღებს ბავშის ნაივურ პოზას.

„მე ვგრძნობ სიცოცხლეს,  სისუფთავეს მივარდნალ ქვაშიც“.

ასეთი გადასვლა ერთგვარ პოეტურ ასოციაცებიდან, რომლებსაც მოაქვთ სურნელება ლეშის და დაღუპულ მატერიის, სხვა ესთეტიურ პოზიციებზე, გადასვლა უხილავი სპირალით, არის მეტად საყურადღებო.

ამ სპირალში გადადუღებულია გაუხსნელი სიმართლე და ქრისტეს დალურსმული ძარღვები. კოლაუ ნადირაძის ბავში პატარა ქრისტეა, რომელსაც მოელის ჯვარცმა, მეორე დაბადება და გამოსყიდვა დიდი ცოდვების. გამოიყიდის ამ ცოდვებს. პოეზია მაღალი კიბეა, მაგრამ კოლაუ ნადირაძის დაწმენდილი მზერაც გამძლეა.

ყოველ შემთხვევაში, პირველი სათავე პოეტის სიხარულის და სინამდვილის სათუთი ხაზებით არის მოვლებული. სათავე, პირველი საშო არსებულის არის მადონა. უკანასკნელი არის გამართლება ყოველი მოცემულობის. საქართველო მადონების ქვეყანაა. ქართველი მადონებით არის დასახლებული მაღალი კოშკები და მიუვალი ციხეები. იქიდან იმზირებიან მოწყენილი თვალები. საქართველოს თავზე მადონას კალთაა გადაფარებული. საქართველოს მისტიური მოწოდება და გამართლება ამაშია.

კოლაუ ნადირაძის პოეზიაში მადონა ნათელია და ღვთაებრივი. პირდაჭმულ კაфეების ქალბატონების შემდეგ პოეტმა მიიღო მადონას დაწმენდილი სახე და წმინდა ხელები, რომელსაც უკავია ქრისტე – ბავში მოწყენილ თვალებით.

კოლაუ ნადირაძეში ძლიერია ეროვნული პათოსი. ამიტომ იპოვა მადონა ქართული სახით.

„ნიშანი ბედის – კარზე ნალები.

სახურავები დახავსებული.

და ღვთის მშობელის მოგრძო თვალები.

უმანკო სევდით ამოვსებული“ (ოცნება საქართველოზე).

ეს სტრიქონები დარჩება, როგორც ნიმუში ქართული პოეზიის მოწყენილ ღიმილის და საქართველოს მისტიურ სახის.

მეორე ლექსი ასეთივე ძლიერი და  შინაგანი ექსპრესიით სავსე:

„ისეთი ღრმაა და წმინდა ზეცა ალერსით სავსე,

თითქოს ღვთისმშობლის ცრემლი დამეცა ლოცვის დროს თავზე“ (მთვარის  წყალობა).

თანამედროვე პოეზია დიდი ცოდვით არის გასივებული. პოეზია დანტეს ჯოჯოხეთის კულუარებში იკლავს თავს მოწამლულ ატმოსფერით. ბუნებრივია წყურვილი წმინდა ჰაერზე გასვლის, სადაც არის არომატი სიწმინდის და პირველი ლოცვის. სადაც ისმის შორეული ხმები ჰარმონიულ ადამიანის და სასწაულის ენერგიით ისმის პოეტის მოწოდება.

„თქვენც, შეყვარებულნო იკმარეთ დარდები!

დასტოვეთ ქალაქი, ეწვიეთ ჭალებს.

მოგელით ლაჟვარდი, მინდვრები, ვარდები.

იხილავთ სიწმინდეს და მთის მწვერვალებს“.

მხოლოდ შემცდარი შვილი ვერ დაუბრუნდება დედას ცარიელ გულით და მინის თვალებით, დაბრუნება მოითხოვს დიდ გამოსყიდვას. უმაღლესი კათარზისი, რომელშიაც იცლება ადამიანის სული და გამოდის სავსე ვიზიონარული ხილვით. უკანასკნელში იშლება პოეტის ლირიკული იდეია ცოდვების მიტოვების და მწერვალზე ასვლის და პოეტი „ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი“ მონატრებული უარყოფილ სიმშვიდეს დაეძებს უკანასკნელს „Notren Dame“-ს წმინდანებით დატვირთულ კედლებში.

აქ მოასვენებს პოეტი „ბალდახინით“ „ავზნიან ქალაქი“-ს კოშმარულ ჩვენებებეს, შორეულ ქიმერებს და მიიღებს წმინდა ზიარებას, რომლის აქეთ იწყება შერიგება სინამდვილესთან, და პოეტის დადებითი სინაზე. „ვერსალი წვიმაში“ დარჩება „როგორც დიდი მიღწევა ქართულ სინაზეში.

დაცვინდენ ფოთლები ვერსალის ბაღებში…

დაღალულ დედოფალს აშინებს წვიმა;

ქალწული დოфინი კრთის დიდ ოთახებში;

დაცვინდენ ფოთლები ვერსალის ბაღებში“.

პოეტი დადის მეფური გამოხედვით, რომელსაც ელის დედოფლის დაღლილი თვალები. ამ ლექსში არის მოცემული სიყვითლე წარსულ საუკუნის, რომელიც ამაყი იყო თავისი სტილით და განკერძოებულ რიტმით. მე განგებ ავიღე ერთი მხარე კოლაუ ნადირაძის პოეზიის. უკანასკნელმა გააკეთა წრე: ესთეტიურ ფორმალიზმიდან სინთეტიურ ხილვამდე, რომელშიაც მოცემულია რელიგიური განათება საგნის. ასეთია გზა, რომლითაც მოაბრუნა თავისი ყოფა ქართულმა უახლოესმა პოეზიამ.

შალვა აფხაიძე

გაზეთი „რუბიკონი“, 1922, 6