ახალ საზღვართან – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1922

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „ბახტრიონი“, №3

სტატიები, შემოქმედება

ახალ საზღვართან

არის ერთი პოპულიარი და მოდის თემა; კრიზისი. ანდრეი ბელიმ სამი მონოგრაფიით გამოიტირა სამი კრიზისი: „სიცოცხლის“, „პოეზიის“, „მეცნიერების“.  შპენგლერმა მთელ დასავლეთ ევროპას უწინასწარმეტყველა კულტურის დაღუპვა. პოპულიარულია  ჩვენშიც ეს პრობლემა. იგი არ აფიქრებს მხოლოდ თვით კმაყოფილებს.

არის ძიება, წვა, არის დაეჭვება, ჩაფიქრება: ავათმყოფური ცქერა სამყაროზე საქართველოში თუ არის შესაძლებელი საერთოდ, მხოლოდ სიმბოლიზმის კრიზისზე შეიძლება ლაპარაკი. სხვა შკოლა ლიტერატურული, ჩამოსხმული ორგანიულად და დისციპლინით არ არსებობს. მათ დიდი ხანია კრიზისის აგონიაში ნახეს სიკვდილი. თუ არის კრიზისი საერთოდ, არის საბოლოო თუ დროული. მოჭრილია გზები მიმავალნი შორეული ნაპირებისაკენ, თუ არის შესვენება გადაფასება ღირებულების, ძიება ბილიკების უვლელის და ახალის. უეჭვოა ერთი: სიმბოლიზმა განიცადა კრიზისი ევროპაში და შემდეგ რუსეთში. არის მეორე ჭეშმარიტება: მოვლენამ იცვალა ფერი. ნივთი სხვა ხაზებით არის მოვლებული და სხვა გვარად წათლილი და წამახვილებული. ქცეულია მისი ფორმა შინაგანი თუ გარეგანი, სხვაა ასპექტი, რომელშიაც იგი იხედვის. დაირღვა ძალა ბუნების ეროსი. დარჩა მხოლოდ ქიმიური ატომი: მატერია ფანტული გაჰქრა, სული არ არის ყნოსვა მიღმა არსებულის. ნივთი დაიშალა. პოეზია ხატი მეორე სახის – მოვლენის ამ ნიშნის ქვეშაა. პირველი დაშლის ბოლი ბოდლერმა აუშვა. ეს ზოგადი ხაზი საერთო ფონზე.

სიმბოლიზმი, როგორც მთლიანი კულტურული მოვლენა (ესთეტიკა, რელიგია, მსოფლმხედველობა ამ ფსიქიურ კატაკლიზმს განიცდის. რამდენათ ძლეული იქნება ნივთის გრიმასი და ნახული ეროსი – ეპიფენომენი.

ავათმყოფობა დროულია და სულიერ კრიზისის პულსაციით გამტყდარ ქაოსში იხედება მომავალი მისტიურ თავდადების კულტით.

პროცესი გაიარა სიმბოლიზმა დასავლეთ ევროპაში და რუსეთში.

პირველად სიმბოლიზმის კრიზისის რკალში გაიშალა ეპიგონიზში და დოგმატიზმი.

აკმეიზმი, ნეოაკმეიზმი, სციენტიზმი, ფუტურიზმი ადრინდელი და ნეოფუტურიზი, ცენტროფუგისტები, იმაჟინიზმი, დადაიზმი და მრავალი „იზმი“ ქაოტიური ლანდშაფტია მოვლებული კრიზისის ბაცილებით.

საქართველოში თუ შეიძლება ითქვას, სიმბოლიზმის შეფერხებამ ეპიგონიზმში იჩინა სახე.

ვართ ახალ ხაზთან. უნდა გაირღვეს რკალი სიმბოლიზმა დასავლეთ ევროპაში და შემდეგ რუსეთში. იცის პერიოდი: რევოლიუციური, კადნიერი, და გაღრმავებითი შიგნით პირველი გატაცება გავლილია.

წინ არის პერიოდი გაშლის გორიზონტალურად და დასვლის ძირამდე.

საქართველოში სიმბოლიზმში მოცემულია ერთი ფორმა – წმინდა ესთეტიური უმეტესად, გაკვრით სინთეტიური. უფრო ფორმალური მხარე, ვიდრე იდეური. მიზეზი ისიც არის, რომ ჩვენში სიმბოლიზმა ადვილად და თითქმის უბრძოლველად მიიღო პოზიციები მოპირდაპირის.

პოეზიის მიზანია თვისება არა საგნის, არამედ გადმოცემა სიმბოლოთი, და ანალოგიებით განცდის, რომელსაც იძლევა იდეია მომწყვდეული საგანში (მალარმეს ესთეტიკა). ირრაციონალური გადადის რეალურში. პოეტურ შემოქმედებას, რომელიც არის გამოწვევა სამყაროსი, შეუძლია, აზიაროს შემოქმედი მსოფლშენების იდუმალებას.

უკანასკნელის მიზანია ხილვა  „პირველი სიმბოლოსი“, მიუხედავათ იმისა, თუ რაში გაიხსნება სახე მისი. აქედან მოდის ახალი იდუმალება, ახალი რელიგია და შექმნა შინაგან სამყაროსი. პოეტური მზერა გადადის წინასწარმეტყველებაში, მარადისობის ხილვაში. ხდება შეუღლება ესთეტიურ დოკტრინების და მსოფლიო გზნების. პოეტ სიმბოლისტში იმარჯვებს ქმედითი ენერგია, რომელიც ეძიებს სამყაროს სულს, მისტიურ საწყისს. ამ გზით მოდის სიმბოლიზმი დასავლეთ ევროპაში და რუსეთში.

ანდრეი ბელიმ კრიზისი სინთეტიურ სიმბოლიზმით მოღუნა. ექსტატიურ მზერაში დაინახა მისტიური სახე სამყაროსი. პოეზია მისი გადადის ქადაგებაში.

ვიაჩესლავ ივანოვის სიმბოლიური მეტყველება გამახვილებული მისტიკით გადადის თეურგიაში და ახალ რელიგიურ პათოსში. აქედან მოდის მისი სწავლა კაфოლიურ ქმედობაზე. „პირველი სიმბოლო“ მითოსში იხილა.

ალექსანდრ ბლოკ პეტერბურგის ნისლში და ჭაობის ხველაში ეძიებდა მარად ქალურს, ღვთიურს „უცნობის“ სახით. ედგარ პოე პირველი სიმბოლისტი იყო მისტიკი და მეტაფიზიკოსი.

შარლ ბოდლერი, რომელმაც ბოროტების ყვავილებით მოშხამა ატმოსფერა და „სული გაუყო კეთილს და ბოროტებას“ დამწვარი იყო კათოლიკური ტემპერამენტით. მისი პოეზია მისტიური თავდადებაა დასული ტრაგიულ წვეთამდე.

ჰიუსმანსი ამავე კათოლიკური ესენციით და ძმარით არის დაწურული. იგი საშუალო საუკუნეთა ასკეტიზმით იყო ამღერებული. წმინდა მარიამის მისტიკით არის ატირებული პოლ ვერლენის ლირიკა. მისი ყოველი ლექსი ლოცვაა მხურვალე მარტვილი ბერის. სახე უზენაესი და სიმბოლო მისი პოეტური შემოქმედების არის მადონნა.

ვერჰარნი, რომელიც ბაბილონის მეძავს თანადროულ ქალაქში მზერდა, სავსეა კატასტროფიულ მოლოდინით. მისი ქალაქები ესხატალოგურია იმ თავითვე.

მისტიურ ხილვით და გზნებით არის სურნელოვანი პოეზია დანტესი და გიოტესი. საქართველოში სიმბოლიზმმა უკანასკნელად მოგვცა დასრულებული პოეტური ქმნილებანი „ტფილისის ხერხემალი“ და „ცხენი ანგელოსით“, ამიტომ მის კრიზისზე ლაპარაკი ნაადრევია. წინ იგივე პროცესია გასავლელი, რაც ევროპაში: ესთეტიურ დოგმატიზმიდან სინთეტიურ წინსვილვისაკენ. ამას ხელს უწყობს საერთო მიზეზები: ტეზისი იწვევს ანტიტეზისს. მატერიალისტურ მსოფლმხედველობას მოყვება გაძლიერება მისტიციზმის, ოკკულტიზმის და მეტაფიზიკის უფრორე.

უსრული ცვალება მოვლენათა იწვევს სურვილს წმინდა მონუმენტალურ და გარმონიულ ხაზების ხილვისას.

მისტერია: სწრაფვა სულის პირველ სუბსტრატისაკენ, ჭვრეტა სოფლშეგნების იდუმალებისა. განწყობილება სულის, როდესაც იბმება კავშირი უშუალო დაკარგულ ღმერთთან, მყარდება სულში ტაძარი უხილავი და შეხება აბსოლუტის. აქ იწყება თვით უარყოფა და სიმვოლიკა თავდადების: ახალი პიროვნება და მოციქული რელიგიის.

გრ. რობაქიძემ ქართულ პოეზიას სამართლიანად ფენომენალური უწოდა და ამაში დაინახა მისი საშიშროება. ოდნავი შესწორება ჩემი ფიქრით: თვით რობაქიძის პოეზია, განსაკუთრებით მისტერია-დრამა „ლონდა,“ რომელიც მოდის სინთეტიურ ათვისებით და რომელშიაც მოცემულია მისტიური თავდადება და რაინდული მსახურება კულტის – ეროსის;

პაოლო იაშვილის მისტერია მზის და უკანასკნელად ხილვა „ხახულის ღვთისმშობლის“,  ვალ. გაფრინდაშვილის ორეულის მისტიკა და ტიციან ტაბიძის პირვანდელი რომანტიზმი, (ქალდეას ქალაქები), რომელიც ცხელია წარმართულ ლოცვით – გადახვევაა ფენომენალურ ხაზიდან. მისი ღერბი ტაძარია ეზოში ატუზული დაღვრემილად.

ვფიქრობ, ამ მისტერიულ გზას გაივლის სიმბოლისტური შკოლა ჩვენში.

გრ. რობაქიძე სწერს „ჯვარი ვაზისას“ მისტერიის სიმფონიურ ფერებით მეტყველს. დაიწყება ძიება მარად სიმბოლოსი. უკანასკნელის როგორც ირრაციონალურის განცდა რეალურია მეტად. ამიტომ ნამდვილი სიმბოლიზმი რეალისტურია მხოლოდ. სხვაა რა სახეს მიიღებს სიმბოლო მარადი.

საქართველოში არის ორი კულტი ძველთაგანვე მომდინარე: თეთრი გიორგის და ღვთის მშობლის. მარად ვაჟურის და ქალურის მარად. პირველი გერბია ქართული პოეზიის.

საქართველო კი ქალურია უფრორე თავისი ლაჟვარდი და ღია ხაზებით ღვთისმშობლის ხატი: უზენაესი – reafosa. ეროსი ხატისადმი (лик) როგორც განცდა ესთეტიური არის საზღვარი ახალი, რომელთანაც ახლო დადგება ქართული პოეზია. აქ მოხდება შეხვედრა წმინდა ესთატიურ ფორმალიზმის და ექსტატიურ ხილვის დაკარგულ ღმერთისა.

შალვა აფხაიძე

გაზეთი „ბახტრიონი“, 1922, №3