შალვა აფხაიძეს – Blue Horns

ავტორი : ივანე ყიფიანი

თარიღი : 1920-იანი წლები

ადგილი : ბათუმი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26952-2-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

შალვა აფხაიძეს

ძვირფასო შალიკო!

ჩემი სულის ამ კოშმარულ დამძიმების ჟამს ყოველი მეგობრული, თუნდ უბრალო, სიტყვაც კი ძვირფასია. ჩემთვის სასიამოვნოა ის, რომ მეგობრები ხშირად არ მივიწყებენ და ვახსოვარ. თუ რამე მანუგეშებს – კიდევ ეს.

მეტისმეტად მაწუხებს მარტოობა. ამხანაგები ბევრია, მეგობრები სულ ცოტა.

ეს წელი საბედისწერო გახდა ჩემთვის. არ ვიცი, რით გათავდება. მუქარა დიდია ვნახოთ.

ძალიან გულით მინდა სადმე წავიდე და ოდნავათ მაინც შევისვენო, მაგრამ არ ვიცი, სად უნდა იყოს ასეთი ადგილი. მიწვევთ ტფილისში. ხშირად მომენატრება ჩემი მექქა, მაგრამ ვერ მოვდივარ. ხელს მიშლის ბევრი რამ. ვზივარ პონტის ზღვის ნაპირებზე და როგორც აქილესი ეგეოსის ზღვის პირად ვსტირი მეგობრის დაკარგვას და ჩემ სიამაყის შელახვას.

წინეთ ვარდისფერი სათვალეებით ვუცქეროდი ამ ქვეყანას, ეხლა კი საღამოა. უდროოთ დადგა შემოდგომა.

ეხლა მსურს გადავეშვა პოეზიის ოკეანეში და იქ დავირჩო.

ხშირად მგონია, რომ ვეთხოვები სიფხიზლეს და სიცოცხლეს, ისე დამაწვა ეს შავი ფიქრები,

ერთ დროს გამოვექეცი სევდიან ტფილისს. მინდოდა, უკეთესი ტფილისის ნახვა, ისე როგორც, მგონი, გიორგი მთაწმინდელს უკეთესი ივერიისა, მაგრამ იმედები გამიცრუვდა.

ბათომში ცხოვრება ჭაობში ცხოვრებაა. ამ ერთმა წელიწადმა იმდენი სისხლი შეიშრო ჩემი, ისე აადუღა ჩემი გული და ტვინი, ისე გააფიცხა ნერვები, რომ პირდაპირ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამ კრიზისის გადატანას.

მართალი გითხრა, ამ ცხოვრებას ჩემთვის ჭრილობების მეტი არაფერი არ მოუცია, მაგრამ დღემდის მაინც მადლიერი ვიყავი თითქოს მისი, ეხლა კი მშვიდობით.

უკვე დავრწმუნდი, რომ ხალხისა და ადამიანის ცხოვრებისა და სიკვდილისათვის არავითარი კანონი არ არსებობს, არის მხოლოდ უეცრება, მოულოდნელობა თუ გნებავთ წერა, მოირა. კანონები მიზეზობრივობისა, რა თქმა უნდა, არსებობს საერთოდ, მაგრამ თავისთვის, ის ცალკეა და ადამიანის ბედი კიდევ ცალკე.

ცხოვრება შერიგებას მთხოვს, მაგრამ მიჭირს – გულით ვეღარ ვედობი, რადგანაც რომ ზურგს უკან ცალი ხელით სასიკვდილო დანას მალავს და მეორე ხელს მიწვდის.

მაგრამ მაინც მინდა ჯერ დარჩენა. მინდა ცხოვრებას 2-3 წლის სიცოცხლის ვადა

ვსთხოვო.

ამიტომ წელს ზაფხულზე მინდა სოფლად წავიდე. იქნებ წმინდა ჰაერმა ცოტათი მაინც დამამშვიდოს და სისხლი გამიწმინდოს. სწორედ ამ მიზეზის გამო, სამწუხაროდ, ტფილისში ამ ჟამად ვეღარ ჩამოვალ. სექტემბრის პირველ რიცხვებამდის მსურს შესვენება. სექტემბრიდან კი, თუ მშვიდობით ვიქენით, უსათუოდ ტფილისში უნდა გადმოვიდე.

მიიღეთ ჩემი უღრმესი მეგობრული მადლობა შენ და სერგომ, რომ ჩემთვის ზრუნავთ. როგორც სჩანს, მაგ ადგილი ჩემს მასწავლებლობას ხუთჯერაც კი სჯობს ფინანსურად და ძალიანაც მიზიდავს, მაგრამ ეხლა წამოსვლა რომ არ შემიძლია, ეს არის. სექტემბრამდის, ვინ იცის, როგორ დატრიალდება ეს ქვეყანა და ჩვენი ცხოვრება. უსათუოდ ჩამოვალ და მაშინ ვნახოთ. მანამდის კიდევ ვისაუბრებთ წერილებით. აქ მეცადინეობა გათავდება მაისის დამლევს.

შალიკო მადლობელი ვიქნები თუ კიდევ რაიმეს შემატყობინებ.

 

გკოცნი შენი ვანო ყიფ.