შალვა გოგიაშვილმა (ფსევდონიმი „შალვა კარმელი”, კუკური გოგიაშვილის უფროსი ძმა) 1918 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. ლექსების წერა ადრე დაიწყო. 1916 წლიდან მე იგი ხშირად მიკითხავდა და მაძლევდა, ზოგჯერ უბის წიგნაკშიც ჩამიწერდა ხოლმე თავის ლექსებს.
აქ წარმოდგენილი ლექსები დაწერილია 1916-1918 წლებში.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შ. კარმელი ქუთაისის და თბილისის (სადაც ის უნივერსიტეტში სწავლობდა) პერიოდულ პრესაში აქვეყნებდა ლექსებს.
შალვა კარმელი გარდაიცვალა 1923 წელს 24 წლის ასაკში ტუბერკულოზისაგან და დასაფლავებული იქნა ყოფილ მთავარანგელოზის ეკლესიის გალავანში (ბულვარის პირდაპირ, სადაც ახლა ადმინისტრაციული სახლია).
შალვა კარმელი წყნარი, მშვიდობიანი, ფაქიზი ყველასათვის საყვარელი იყო და ამავე დროს მეტად ნიჭიერი პოეტი.
შალვა აფხაიძე ნეკროლოგში აღნიშნავს „რუბიკონის“ ფურცლებზე – „ახალ პოეზიას მოაკლდა პოეტი მოცემული ტალანტით და მზიანი მომავლით“.
შალვა კარმელს არ დასცალდა ფრთა გაეშალა, მაგრამ მან მაინც იმდენი გააკეთა, რომ XX საუკუნის ოციანი წლების ქართული ლიტერატურის ისტორიკოსი მას გვერდს ვერ აუვლის.
გიმნაზიაში ყოფნის დროს შალვა გატაცებული იყო ჰუმანიტარული საგნებით, ხოლო მატემატიკა არ უყვარდა. ერთხელ, VII კლასში ყოფნისას, 1917 წელს ის გეომეტრიაში გამოიძახეს დაფასთან, მაგრამ თეორემა ვერ ამოხსნა. იგი ჩემს წინ იჯდა მერხზე და სანუგეშებელი ბარათი მივწერე, რაზეც მან იმ წამს დასწერა და გადმომცა ქვეშედ მოყვანილი ლექსი:
ეგ მასხრობა რომ არ ვიცი
განა დიდი ბრალია?
უკვდავ მგოსანს სათამაშოთ
ძმაო, მე არ მცალია.
მეცინება: შეფარდება
კატეტების კატეტებთან,
ყველა ერთად გაწყვეტილა
მილიუკოვ და კადეტებთან.
საერთოდ ბევრ ლექსს იგი კლასშიც სწერდა რვეულიდან ამოხეულ ფურცლებზე.
საქართველოს ლიტერატურულ მუზეუმს ვაძლევ შალვა კარმელის 27 ხელნაწერ და 1 დასტამბულ ლექსს და გაზეთ „რუბიკონიდან“ ამოჭრილ ნეკროლოგებს.
იოსებ (სოსიკო) გრიგოლის ძე ბარათაშვილი
სწავლული აგრონიმი და სწავლული მეტყევე,
სოფლი მეურნ. მეცნ. კანდიდატი.
თბილისი, ჭავჭავაძის პროსპექტი #2, ბინა 17.
იოსებ ბარათაშვილი
1965 წ.