ჩემს ღმერთს – Blue Horns

ავტორი : ივანე ყიფიანი

თარიღი : 1915

ადგილი : ბაქო

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ჩემს ღმერთს

მტრედის ფერი ყოფნის დილა შეგეცვალა შენ წამებით;

ნეტარებით აღსავსე წელს ითვლი მხოლოდ ძლივს წამებით;

მზიურ ხალისს სიზმრად ხედავ, იმედის მთა ბორცვად გექცა;

მიწა შავად გეღიმება, გემუქრება მაღლით ეგ ცა.

 

შენთვის ია არ იშლება, შენთვის ვარდი აღარ ყვავის.

სევდა გადნობს, სევდა გულს გწვავს, ცივი ხმები გესმის ყვავის.

შენ სატრფოთა გულის სიმი ვით ობიბას ქსელი წყდება,

სიცოცხლის დღე გაგიყვითლეს, შენი ბედი ქვესკნელს წყდება…

 

შენ ჩემი ხარ, მიწის ღმერთო, შენ ჩემი ხარ, ცის ასულო.

ხელს ვერ ახლებთ ანგელოზნო, ხელს ვერ ახლებ შენც, ავსულო.

მე მას ედემს გავუახლებ, ბროლის კოშკებს ავუშენებ,

ალმასებით გადავხურავ, მზის ვარაყით დავუმშვენებ;

 

მთის ჩანჩქერით ცრემლებს მოვბან, შვებად ვუქცევ ტანჯის წყაროს,

სირინოზთა გუნდს ვუმღერებ, დავუმონებ მით სამყაროს;

ციდან ღმერთებს ჩამოვუყვან – დაუწნავენ მას დალალებს,

და ფერიებს ავაცეკვებ, გამოუხმობ ტყიდან ალებს…

 

ლალ-ზურმუხტით მოვუკენჭავ ლაღ ედემის ბილიკ-ყურეთ,

მზის სხივებით ტახტს დავუწნავ…  მაშინ მოდით და უყურეთ…