ზამთარი – Blue Horns

ავტორი : ივანე ყიფიანი

თარიღი : 1916, გაზაფხული

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, №2

პოეზია, შემოქმედება

ზამთარი

უეცრად მოვიდა შეშლილი მოხუცი

და თეთრი მერანი მინდორში დააბა.

გედების გუნდია ყველგან დანახოცი.

ქვევით ტაძრებია და ზევით კააბა.

ბროლისფერ კბილებით იცინის მერანი:

ძრწიან და თრთოლავენ მდუმარე ველები,

გრძელ გიშრის კუბოში ვერ ჩნდება ვერავინ,

სისხლს სწოვენ მძინარ სახლს ფრთათეთრი  გველები.

ბნელეთში დგებიან შავ წვერა ლოთები

ყვირიან და ხევენ უსაზღვრო ბალიშებს.

ფირუზის უდაბნო მით შენაშფოთები

მრისხანე ლომივით ღრიალებს, არ იშვებს.

გედების გუნდია ყველგან დანახოცი

ქვევით ტაძრებია და ზევით კააბა…

უეცრად მოვიდა შეშლილი მოხუცი

და თეთრი მერანი ჩემ ბაღში დააბა.