Memento mori – Blue Horns

ავტორი : ივანე ყიფიანი

თარიღი : 1916

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

Memento mori

ცივო კედლებო, რად მიყურებთ თვალგაშტერებით,

სიდან მოსულა, ეგერ რო სდგას შავი აჩრდილი?..

ღმერთო! რა გინდათ? სთქვით, სთქვით ბარემ, რად მემტერებით…

ოჰ, სად წავიდა, რად არ მოდის შავთვალა ძილი!

 

თავში ჩამესო ცხელ ლურსმნებად შავი ფიქრები,

სულში დაზამთრდა, გრძნობას შხამავს წითელი გველი.

იმედის სხივო, კვლავ აენთე, ნუ გამიქრები;

სიცოცხლის მზეო, გამიღიმე, უთმენლად გელი…

 

თეთრფრთიან მიზნებს ვინ მიწეწავს, ვინ მინადგურებს?

ვინ წააწერა ყოველ კუთხეს Memento mori?…

ნეტა ვიცოდე, რა უნდათ ამ წითელ აგურებს,

ან რად მიცქერის შავი ჭერი, ვით ჩიტებს ქორი?..

 

ჩუ, ნუ ხმაურობთ! რკინის კარებს კვნესა აღმოხდა…

წადი, აჩრდილო, წადი, წადი, ნუ მეჩვენები.

გინდა, მაუწყო? მე თვით გეტყვი, ვიცი, რაც მოხდა:

შავი ეტლებით ჩაატარეს ყველა ჩვენები…