მშრომელთა სიბრძნევ, შენ ლომების მოდგმამ დაგტოვა.
კახეთის მიწამ და ტფილისმა ძუძუ გაწოვა,
აგიშვა გორმა, როგორც მთებმა ურჩი ნაკადი,
ბაქომ, ბათომმა მოგაფარა რკინის ნაბადი.
ხარ ელვარება ნებისყოფის წრთობილ ფოლადის,
შენი სახელი მტერთა გულში მეხად გავარდა,
შენისთანები რესპუბლიკას კიდევ ჰყოლოდეს,
საკეთილდღეოდ რომ მოსჭედონ ბედი მრავალთა.
ძველს ეძალება მარად შენი ბრძოლის გენია,
შენი სიტყვები ფეთქდებიან დინამიტებად,
ძველ საუკუნეს ჩამოხადე ყალბი დიდება,
და ჩვენი გული შენს წინაშე გაგიფენია.
შენც სდგახარ, როგორც მომავალის დაიმედება,
და მიუძღვები მშრომელების შემოქმედებას,
აკეთებ საქმეს ისტორიის დამამშვენებელს,
ზედმეტ სახელად გიწოდებდი აღმაშენებელს.
შენი გეგმები – ახლობელი და ბუმბერაზი,
არის ოცნება გლეხის, მუშის, მადნის მთხრელების,
გაიხსნა გზები საუკუნოდ გადანარაზი,
ზღვებს დაავალე, გადავჭედოთ ძმურად ხელები.
დაშრენ ჭაობნი, მოუმატა ყანამ მოსავალს,
ტრაქტორმა ყველგან გამოტეხა ყამირი ველი,
და ეს ქვეყანა მარად მშიერ-შეუმოსავი
ხარობს. დაუდგა ობლის ყანას მაღალი რთველი.
მოდის კუზნეცკი, დნეპრომშენი, ჩვენში ბაღები
მოდის ქარხნები – უზარმაზარ დანადგარებით,
ოქრო ჩამოაქვს ამ წისქვილებს რკინის ღარებით
და ვხედავთ – როგორ მაღლდებიან ქვეყნის თაღები.
შენ სდგახარ როგორც მომავლის დაიმედება,
თვით გაიმედებს მილიონთა შემოქმედება
და უკვე ისტორიის დამამშვენებელს
არ დასთმობს ხალხი დიად სტალინს-აღმაშენებელს.