ძმაო შალვა!
გიგზავნი იმ ნოველას, რომლის თარგმნასაც აქ გთხოვდი. თუ მანდ მოიცლი მისთვის და გადათარგმნი, დიდათ დამავალებ. ალბათ გაინტერესებს დისკუსიის ამბები. დისკუსია უნდა დამთავრდეს დღეს _ 16 პრილს. აქამდე გრძელდება, მაგრამ ღირშესანიშნავი და საგულისხმო არაფერი ყოფილა მაინცდამაინც. თავის გამოსვლით გამოირჩეოდა ს. შანშიაშვილი, რომელმაც ნამდვილი გლეხის ჯიქურობით სასტიკი დღე დააყარა გამსახურდიას. გამოუტანა ის ადგილები `მთვარის მოტაცებიდან~, რომლებიც მართლაც აღმაშფოთებელ სურათებს ხატავენ.
იგივე შანშიაშვილმა დაუმსახურებლად ჩასთვალა გალ. ტაბიძის ასეთ მწვერვალზე აყვანა და მოიყვანა მისი ლექსებიდან სუმბულური ადგილები. ასეთი არა თუ ადგილები, მთელი ლექსები აქვს გალაქტიონს, მაგრამ მას როგორც იცი ტაბუ აქვს დადებული. ამიტომ შანშიაშვილს სამაგიერო ბუაჩიძემ გადაუხადა.
შედარებით აგრეთვე ინტერეს მოკლებული არ იყვენ ს. ჩიქოვაქნი (რომელიც განსაკუთრებით ენამახვილი იყო ამ საღამოს) და ტ. ტაბიძე.
საბოლოო ანგარიშში დისკუსია არ შეხებია მთავარ საკითხებს, მხოლოდ მათ გარშემო და მათთან დაკავშირებითაა ლაპარაკი. აგრეთვე პირად მოსაზრებებმა და დიპლომატიამ საკმაოდ დაასვეს დაღი მთელ დისკუსიას. განსაკუთრებით კავშირის ხელმძღვანელობა გამოდის გალახული. არ ვიცი კი, ამას რა შედეგი მოყვება.
გარდა ამისა, სხვა არაფერი საყურადღებო არაა. კავშირში ჩვეულებრივად იკრიბებიან მწერლები და ერთმანეთს ქირდავენ, ზოგი ჭორს აგუნდავებს და არის ქვენა ინსტიქტების შეჯახება. შემდეგ მოდიან ჩემთან `ფედერაცია~-ში ფულისთვის, რომ რესტორანში ეპირფერონ ერთმანეთს. დასწყევლოს ღმერთმა, თუ ასე გაგრძელდა, არა თუ დიდი ნაწარმოები, არამედ… არ ვიცი, აქედან რა გამოვა.
ერთი გულით შენ შეგნატრი, რომ ხარ შენთვის, მოცილებული ამ ამბებს და მუშაობ.
შენი `ქეთო და ცხენი~ ითარგმნება. ის ყმაწვილი შემპირდა ნიმუშის მოტანას ამ დღეებში. მე მგონი, საჭირო იქნება თარგმანი ჯერ გადაიკითხო და რედაქცია გაუკეთო.
ერთი სიტყვით, როგორც მოიწერები.
იყავი კარგად.
მოკითხვა რძალს.
მოგიკითხათ ნინამ.
წერილის მოწერას ნუ დაიზარებ.
მართალია, თუ შენთვის საძნელო არ იქნება, როგორმე ეს პატარა ბარათი მიაწოდე ვ. გოლცევს. `მახრას~ თარგმანს ველი შენს წერილთან ერთად.
ძმური სიყვარულით რაჟდენ გვეტაძე
16/IV.