ძვირფასო ძმაო რაჟდენ!
მესამე დღეა ბახმაროზე ვარ და უკვე ვგრძნობ, რომ ვსუქდები და ჯანი მემატება.
თუ მოახერხებ და ამოხვალ, იცოდე, ძლიერ კარგს იზამ; კიკეთი და კოჯორი ბახმაროსთან შედარებით აბსოლუტური მიქარვაა. ფული ასი მანეთი თუ ამოგყვება, თამამად გეყოფა ოთახი მე მაქვს ნაქირავები, რომელშიაც სამი ლოგინია, მაგრამ ჯერ-ჯერობით ორი ცარიელია და თუ შენ არ ამოხვალ ან სხვა ჩვენი ახლო მეგობარი, არვის შემოუშვებ ჩემთან.
ოთახი საუკეთესო ადგილას მაქვს და იაფადაც ვიშოვნე შემთხვევით (25 მან. მაშინ, როცა ღირს 35 მან.) ეს მოხდა პატარა კომბინაციის მეოხობით: ვაკიჯვრიდან მე გამეცნო ერთი ქობულეთელი ვაჭარი ბერძენი. როცა ამოვედით ბახმაროზე მე და ის იმ ღამეს ერთად დავბინავდით. მას ძლიერ უნდოდა ჩემთან დარჩენა მაგრამ მე არ ვქენი, რადგან უცხო კაცთან საზოგადოთ მეზარება ურთიერთობის დაჭერა და ის ბერძენი აუტანელი იყო, რადგან უზრდელურად იქცეოდა: აბოყინებდა ხშირად და იატაკზე აფურთხებდა, თუმცა ის ახალგაზრდაა, საკმაოდ ლამაზიც და თავისებურად მორიდებული და პატიოსანიც _ ერთი სიტყვით, უნდა დავშორებოდი და კიდეც დავშორდი.
მაგრამ, აი, რაში გამომადგა ბერძენი: სახლი, რომელშიაც ჩვენ გავჩერდით აღმოჩნდა აბარებული ჩემს ძველ ნაცნობზე, იმ ჩემმა ნაცნობმა მითხრა, რომ თუ ბერძენი უკანა ოთახს აიღებს, შენ დაგიკლებ გადასახადს 10 თუმანს და მას დაუმატებო, ბერძენი დათანხმდა გადაეხადა რამდენიც მოსთხოვეს და მე დამრჩა 35-მანეთიანი ოთახი 25 მანეთად.
კეგლის სათამაშოდ მეჩქარება და წერილს მოსწრაფებულად ვწერ. მაინც ერთ ეპიზოდს მოგიყვები ჩემი მოგზაურობიდან.
ვაკიჯვრიდან მე წამომიყვანა აჭარელმა ჩავლადარმა, ბერიძემ. მკითხა სახელი და გვარი და ვუთხარი:
_ გრიგოლ ცეცხლაძე.
_ გირგოლაი ცეცხლაძე _ გაიმეორა მან. მერე გზადაგზა გამიბა საუბარი და სხვათაშორის სთქვა:
_ ძველი კაცებიდან გამიგონია, ჭოვ, ერიდე აჭარაში ნოღაიდელს და გურიაში ცეცხლაძესო; აკი, გულის კაცები არიან, ჭოვ, სისხლს არავის შეარჩენენ.
ეს ერთი. მეორე ეპიზოდი:
ჩემთან ერთად აჭარლების ცხენებით მოდიოდენ ორი დები, ჭყონიას ქალები, ახალგაზრდა ლამაზი ქალები. მე ქვეითად მოვდიოდი. დები ორნი მოდიოდენ ერთი ცხენით, _ ხან ერთი შეჯდებოდა და ხან მეორე. ერთ გადასახვევში ჩავლადარმა მითხრა, ჩვენ მოკლე გზით წავიდეთ და ცხენებს თავს დაუსწრებთო. მე თან წავიყვანე აგრეთვე ერთი და ჭყონიას ქალი და წამოგვყვნენ რამდენიმე მგზავრი მამაკაცები. ეს მოკლე გზა გაგრძელდა ვერსტნახევარზე მეტი, თან გზაში ერთი გურული ჩავლადანი მოჰყვა ქალის მოტაცების ამბავს. ქალიშვილმა დაიწყო ნერვიულობა და შემდეგ შეშინებულმა უკან მოცოცხა. მე, როგორც ჯენტლმენს, აღარ შემეძლო ქალი მარტო გამეშვა და გავეკიდე უკან და ჩავსდიე ცხენის გზამდე; ამრიგად, ზედმეტი 2 ვერსტი მომიხდა მთებში გამეკეთებია ისედაც დაღლილს. აი, კლასიკური მაგალითი, თუ რამდენად სახიფათოა დედაკაცის აყოლა; თუმცა, როცა აქ ბახმაროზე ამოვედით, მეორე დღესვე დამპატიჟა იმ ქალმა გურულ ხაჭაპურზე და მითხრა, რომ იქ ბევრნი იყავით მამაკაცები, იმიტომ შემეშინა თორემ თქვენ მარტო, სადაც გინდა, წაგყვებიო. ვნახოთ, თუ გაამართლებს დაპირებას. ამის შესახებაც მოგწერ უთუოდ.
რაჟდენ შენს წერილში ვდებ ქნ. ტასოს წერილს. იმედია, სასწრაფოდ გადასცემ, კონვერტი ღია არის და შენც შეგიძლია, წაიკითხო, რადგან იქ არის მოგზაურობის შესახებ ცნობები, რომელიც, თუ წამოხვალ, შენც გამოგადგება.
მეტს ეხლა აღარ გწერ. იყავი კარგათ, წერილი მომწერე უთუოდ.
შენი გრიგოლ ცეცხლაძე
20/VII. 1929 წ.
მისამართი: აგარაკი ბახმარო, ვაკიჯვრის ქუჩა, ექიმ ავთანდილ ინგოროყვას სახლი, გრიგოლ ცეცხლაძეს.