ქალს ჩაჟენილ თვალით – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 1917

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „ლეილა“, №1

პოეზია

ქალს ჩაჟენილ თვალით

რად სხვანაირობს შენი ცქერა და რად მაწვალებს?

გული, პირბადით დაბინდული, მე მენავსება;

იდუმალ თრთოლვით მე ვუცქერი შენს ცისფერ თვალებს,

– მაშინებს მუდამ საკვირველი მათი მსგავსება.

და ამ ორ თვალში რომელია ყალბი, მართალი,

ჩემმა ოცნებამ ვერასოდეს ვერ გაარჩია!

არ გიყვარს მთვარე – ვარსკვლავების ნაზი სარდალი,

არ გიყვარს ღამე – სასიკვდილო შავი არშია.

შენ თვალს ჩაჟენილს მზის სხივებში გაათბობ, ალბათ,

გედის პროფილით დაიმონებ ბევრ მამაკაცებს.

ო, რა უცხოა შენი თვალი, მხიბლავი ყალბათ,

ნეტავი იმას, ვინც ამ თვალზე ნაზათ გაკოცებს!

თვალის მაგივრად შენ ძვირფას ქვას მუდამ ატარებ,

რომ მე ყოველთვის ვიოცნებო ხელოვნურ თვალზე;

შეშლილ ქალაქის ავხორციან სფინკსს შეგადარებ,

და გული ლექსში ატირდება თავის ფრიალზე!

შენ როცა გძინავს, გაღებული გაქვს თვალი ერთი,

მაგრამ მე მაშინ… მე არა ვარ შენს სარეცელზე,

და მე არ ვიცი შენი ცრემლი, ხმა გასაღმერთი,

მხოლოთ სიზმარში ვეამბორე ბეჭედს შენს ხელზე!

მე არ მაგიჟებს შავგვრემანი შენი ღლიავი,

და კლავიშებით მოთენთილი, წვრილი თითები,

მე მათრობს, მათრობს გამოუცნობ თვალთა ნიავი,

მაგრამ ყოველთვის მედიდურათ მომერიდები!

რა რიგ მწყურია მარგალიტი, თვალში რომ ბრწყინავს,

ო, როგორ მინდა შენს წამწამებს შევეხო კბილით!

ეგ შენი თვალი დაუნდობი გულს გამიყინავს,

ეგ შენი თვალი იამაყებს ჩემი ტკივილით!