ტყეში პატარა ამბავი მოხდა
მოულოდნელი და უცნაური:
ასი წლის მუხა უეცრათ მოკვდა
და შეწყდა მისი ფოთოლთ ხმაური.
იდგა ზაფხული. ამწვანებული,
ტყე იყო სავსე ჩუმი სიგრილით,
ნიავის ქროლვით აჟღერებული,
ამღერებული მზითა და დილით.
მხოლოდ მხიარულ ჩიტებს უკვირდათ
გამოყვითლება ფოთლების ჩქარი,
ოქროს ფოთლებით მკვდარი ხე სწვიმდა,
ფოთლებს შრიალით ფანტავდა ქარი.
და ისევ ისე, ამწვანებული
ტყე იდგა, სავსე ჩუმი სიგრილით, –
ნიავის ქროლვით აჟღერებული,
ამღერებული მზითა და დილით.