წიგნიდან: Notre Dame
პაოლო იაშვილს
მთვარის ლანდები კრთიან ხეებზე –
თეთრათ ნაქარგი;
შენ ნუღარ სტირი წარსულ დღეებზე,
დამშვიდდი, კარგი.
ისეთი ღრმაა და წმინდა ზეცა –
ალერსით სავსე.
თითქოს ხვთისმშობლის ცრემლი დამეცა
ლოცვის დროს თავზე.
ო, ღმერთო ჩემო, ეს სავსე გული
შენ ჩაგაბარე,
და მას ეს ღამე. ბროლით ქარგული,
გადააფარე.