ჩემს ლანდს – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1918

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ჩემს ლანდს

 მუდამ ერთათ ვართ განუყრელათ, დაუცილებლათ, –

საბრალო მუნჯო, ჩემო ლანდო, მორთულო თალხით;

ჩემი აქ ყოფნა გაგიხდება შენც სანანებლათ:

აქ არვინ ხარობს ჩემ შეხვედრით და ჩემი ნახვით.

ცბიერობ მარად, გსურს, გაიგო ჩემი წამება:

გინდა, მიამბო ქვების სევდა, სურნელი დილის.

იტანჯი მალვით და გაშინებს შენც დაღამება;

ჰკანკალებ ჩუმათ, როს გაიარს ლანდი სიკვდილის.

როდესაც დაღლილს აღარსად მაქვს გზა წასასვლელი,

და ვეღარ შევსძლებ გამოუცნობ შიშის ატანას,

გავრბივარ შენგან: მეჩვენები ჯალათი, მკვლელი,

და თრთოლვით ველი, რომ ბეჭებში დამარტყამ დანას.

მაშინ ეს ქუჩაც ფეხს აიდგამს, გამოიქცევა,

შავი სახლები დასაჭერათ მიწვდიან ხელებს;

ავ მოჩვენებათ ეს ქალაქი გადაიქცევა,

გამომაკიდებს მთვარეულებს და თავის მკვლელებს.

ვიცი, რომ ვიართ კიდევ დიდხანს ჩვენ ქვეყანაზე.

უნიჭო პჲესის – ამ სიცოცხლის ორი მასხარა,

ქუჩის ძაღლები გვიტირებენ ხელის გახსნაზე,

რომ ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ აქ ღვთის ამარად.