შოთა რუსთაველს – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1937

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

შოთა რუსთაველს

დავხურავ შენს წიგნს, ისევ შენს ბედს დავუკვირდები.

რვა საუკუნე მძიმედ ახელს ნისლიან თვალებს.

დროთა უფსკრული შეირხევა, აიზვირთება

და აჩრდილს შენსას ჩემს წინაშე ააელვარებს.

 

ვხედავ შენ სახეს და თვალების სევდიან სიღრმეს,

სად შენი ჭვრეტის იმალება ზღვები უძირო!

თითქოს ძალებმა ბუნებისა მხოლოდ შენ გიხმეს,

რომ მათთან ერთად წუთისოფლის ბრუნვას უცქირო.

 

რომ კაცთა გული – ეგზომ მცირე ჭურჭელი გრძნობის –

აევსო უკვდავ მღელვარებას, ცეცხლსა და სიბრძნეს,

რომ თვით სივდილზე უმტკიცესი დიდება ტრფობის

გადასწყდომოდა საუკუნეთ შურიან სიგრძეს.

 

ვხედავ შენ სახეს და ბაგეთა ღიმილსაც ვხედავ…

ო, ეგ ღიმილი შერიგების – ნაყოფი ცრემლთა!

ველად გაჭრილი ვის უთევდი ღამეებს ნეტავ,

დიდ მარტოობას მეგობრულად ვინ ჰყოფდა შენთან?!

 

რომელ ტარიელს, რომელ ფრიდონს, ან რომელ ასმათს

შენ გაუმჟღავნე ხვაშიადი შენი გულისა?

ვისთვის დაგჭირდა დამდაგველი ლექსების ასხმა,

სისხლის ცრემლებით განკურნება ფარულ წყლულისა?

 

რომელ კოცონზე გადაიწვა შენი სხეული,

როცა ავთანდილს ასწავლიდი ანდერძის წერას?

და როცა სული დაფერფლილი, ნაცრად ქცეული

გრძნობდა სიყვარულს გარდაუვალს, საბედისწეროს?!

 

შენი საფლავი მონგოლებმა გასთელეს ალბათ,

როცა ბერდუჯის ნაპირებზე გაგვიტყდა ხმალი…

მაგრამ სიმღერას შენი ერი უსმენდა ხარბად

და გვერდს გივლიდა საუკუნეთ ქროლება მალი.

 

დღეს შენ სამშობლოს თავისუფლებას უმღერი ისევ

მისი დიდების და გენიის გამომსახველი,

და უკვდავების სიამაყით გონებას გვივსებს

თვალშეუდგამი ბრწყინვალება შენი სახელის!