შემოდგომა იმერეთის სოფელში – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1917

ადგილი : ქუთაისი

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

შემოდგომა იმერეთის სოფელში

ჰა, დღემაც მოიკლო, წავიდნენ მერცხლები.

ნაზი სექტემბერი გვეწვია ბაღებში.

ცა დამაჭრებული მთვარით ივერცხლება,

ხეხილის სურნელი დადგა ოთახებში.

 

ლეღვი და ყურძენი, შემწვარი სიმინდი,

ყვითელი ატამი, ხავერდის ატმები.

და მონადირესთვის კეთილი ამინდი: –

მსუქანი მწყერები, ტყეში – ტყისქათმები.

 

ზანტათ ბრუნდებიან ჯოგები საღამოს

თვინიერ ღმუილით, ზარების წკარუნით,

სამხარს მოუსხდებით ბუხართან საამოს

და კეცის ჭადების დავტკბებით ცხელ სუნით.

 

თქვენც, შეყვარებულნო, იკმარეთ დარდები,

დასტოვეთ ქალაქი, ეწვიეთ სოფელს! –

მოგელით სიწმინდე, მინდვრები, ვარდები,

იხილავთ მწვერვალებს და მიწას – მშობელს.