შალვა კარმელს – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1923

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

შალვა კარმელს

გადაგაშენა ზამთრის ობლობამ

შენ უნაზესო, მორჩილო ღვთისა

და ვერ გიშველა შენ ჩვენმა ძმობამ

და ვერც ალერსმა სამშობლოს ცისამ

დაცვივდა ფერფლად შენი სხეული,

ღონე მიხდილი ბევრი წვალებით,

მაგრამ ამ ჯვარცმით გადაქცეული

გვიყურებ სულში წმინდა თვალებით.

შენ გაიარე, ვით მოჩვენებამ

და პოეზიამ დაგადნო სწრაფად.

მაღალი ტანჯვის ღვთიურ შვენებამ

დაგასნეულა და დაგწვა მძაფრად.

და ეხლა სხვა მზე მოფრენილს ბედით

შენს სულს განწმენდის ალერსით იღებს

და სიყვარულის უტკბესი დედა

შენ ღვთისმშობელი კარებს გაგიღებს.