სკრიაბინას ეტიუდი (მე-2) – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 10.1933

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 26801-4-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სკრიაბინას ეტიუდი (მე-2)

ყოველი ღამე მე მიჭრია მღელვარე ფიქრით

და ზეცას ხარბად მიბჯენია ჩემი თვალები,

რომ სიკვდილისა და სიცოცხლის საზღვრების იქეთ

გადამეწია ეს ოცნება განაწვალები.

 

როგორც ბეღურა დაფრთხობილი ზამთრის ღამეში,

ასკდება ფანჯრებს განათებულს და ძირს ვარდება,

ისევე ჩემი განწირული სულის თარეში

ფრთებ დამტვრეული სიმაღლიდან ძირს მოქანდება.

 

როცა სიჩუმე გაიშლება ხავერდის ფრთებით

და დრო ჩამოთვლემს უსაზღვრობის მდუმარე  გზებზე –

ადამიანო, რას დაეძებ, რატომ ინთები?

მხოლოდ მტვერი ხარ მიგნესილი ძვლების ჩონჩხებზე.

 

იყავი ისე, როგორც მთებში ყვავილი არის!

იყავ ფუტკარი, რომ ითვრება ყვავილის წვენით! –

მზის ელვარება და ნათება ღამეში მთვარის,

რომ შენში ერთად მეტყველებდეს უბრალო ენით.

 

იყავ ტოროლა აფრენილი ზაფხულის დილით,

და ნუ გაშინებს, რომ ახლოა წყვდიადი ღამის…

ო, ეგ სიცოცხლე და ათასი წლების სირბილი –

ორთავე მხოლოდ სიზმარია და ერთი წამი!..