ვინ დაითვალოს იმედები ჩვენ რომ დავკარგეთ;
ბევრი ვარსკვლავი ალბათ დაჰქრა ჩვენ ხეტიალში:
და დატვირთული იძირება გემი ფოლადის.
მივდივართ ისევ: დაიცვითა,ოქროს სამოსი:
ძმებო, ანდერძი, ვგონებ, არ დარჩეს,
და საფლავებიც ვერვინ მონახოს!
მართლა ჩქარი და დაუნდობელი:
ზრიალი მიწის არ შეჩერდება,
და გამხმარ ზურგზე ეგების შერჩეს
პირამიდები და სფინქსის თავი.
ვის ააკივლებს მცირე ამბავი?
ყველა ვადები დაილევიან;
ჯვარზე გაკრული; დაობებული
დასცვივა ფერფლათ სხეული მჩატე, დაბერებული.
არ ინახება დაკარგული კუბო თამარის;
და მახჰოლებით გადასერილ გელათის კედლებს
დარაჯათ უდგას იმერეთი გადაცვეთილი,
გადაკეტილი სურამის ქედით.
ეგებ არა ღირს გაგრძელება ამ მცირე ამბის;
ეგებ ტირილიც გადაგვარდეს, და დარჩენ ობლათ;
ჩვენი ცრემლები, სისხლიანი, ჩვენი ძარღვები…