გრიგოლ რობაქიძეს
მე საქართველო მაგონდება ისევ ტკივილით,
მისი წარსული უიმედო და მომავალი.
დღეს ცივი ქარი დაგტრიალებს მწარე კივილით,
სამშობლო ბრიყვო, რომ იტვირთე უმადლო ვალი.
დაბერებული, მოჩვარული და ნაწამები
კიდევ ბევრ ჯვარცმას გადაიტანს შენი სხეული.
ო, კიდევ ბევრჯერ შენ ცრემლებით დაინამები,
და კიდევ ბევრჯერ დაგიტირებ თვალდახეული.
უკანასკნელად შენ მერგები მე არჩევანში,
მაგრამ არ ვდარდობ ორგულობას, რომ მელოდება!
საბედისწერო გამტყუნდება ჩემი რევანში,
და არ იქნება შებრალება, არც შეცოდება.
გაუტანელი შენი გული დღეს ვის არ ელტვის!
მხოლოდ ჩემზე შენი მტრობა აღარ დასცხრება,
და სამუდამოდ უწამები დარჩება შენთვის
ჩემი ტირილი, სიყვარული და დამარცხება!