ოქროს ფრინველი ბაგრატის ნანგრევებზე – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1937

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ოქროს ფრინველი ბაგრატის ნანგრევებზე

რიონის პირად შავად მოსჩანს ნანგრევი ტაძრის.

კედლებს ყოველმხრივ მოსდებია სურო და ხავსი.

ქარი ვერანი, უბინადრო მათ შორის დაძრწის

ქვებსა და ფოთლებს კაეშნიან ხმაურით ავსებს.

 

როს შემოდგომის ღამეები ბერტყავდნენ ნახშირს,

როცა ელვები თეთრი შუბით წყვდიადს აპობდნენ,-

პატარა ბავშვი, მე ვიჯექი ბუხართან სახლში

და ჩემ სიცოცხლეს სტიქიონის ხმები ატკბობდნენ.

 

გაშლილი წიგნი სურათებით მუხლებზე მედვა,

ცეცხლის ენები აკრთობდნენ ფურცლებზე ლანდებს.

„მიამბე, მამა, რათ გასწირა ნესტანი ბედმა,

ან როგორ ჰკრეფდა ვარძიაში თამარი ვარდებს?!

 

მიამბე მამა, ვინ ააგო ტაძარი დიდი

ან რისთვის ჯდება მის კედლებზე ოქროს ფრინველი,

როცა ქარ-ბუქი განრისხებით ქოხებზე მიდის,

რომ შეანგრიოს მათი ფუძე და საძიირკველი?“

 

და მამაჩემი, მეოცნებე, მითხრობდა მაშინ

ოქროს ფრინველზე დაუვიწყარ, უცნაურ ზღაპრებს:

რომ იგი მგზავრებს უბინადროს შუქს ჰფენდა გზაში

და ყოველ ღატაკს აუნთებდა ბუხარს და ლამპარს.

 

რომ ეს ფრინველი, სამოთხიდან გამონაქროლი

თამარის მხარზე შემომჯდარა მაისის დილით.

და როცა კისერს შეხებია თითები ბროლის

წამოუწყია ჯადოსნურად სიმღერა ტკბილი.

 

სიმღერა იგი, სიყვარულის გულში მოველი,

აუსხამს ლექსად ერთ ჯადოქარს მიჯნურს და მხედარს,

და ამის შემდეგ უკვდავია ხმა რუსთაველის

და ოქროს ფრინველს ნანგრევებზე ამიტომ ვხედავთ!“

 

ბუხრის გუგუნი და ზღაპრის შრიალი ნელი

მგვრიდა ჟრუანტელს, ნეტარებას და გაოცებას.

მელანდებოდა ინდოეთი, ბრძოლების ველი

და ოქროს ფრინველს დაეძებდა ჩემი ოცნება.

 

გავიდა წლები, საფლავიც დავკარე მამის!

მაგრამ, როდესაც შემოდგომა გაშლიდა აფრებს,

ბაგრატის ტაძრის ნანგრევებზე ასული ღამით

ჩაფიქრებული ვიგონებდი ბავშვობის ზღაპრებს.

 

ხავსიან კედლებს განაბული ვაპყრობდი თვალებს,

რომ დამენახა შემომჯდარი ოქროს ფრინველი…

ვეძებდი ქვებზე თამარის და შოთას ნაკვალევს

ვიდრე ცის კიდურს გაკვესავდა სხივი პირველი.

 

ისევ ის წიგნი სურათებით მე მიდევს გვერდით,

გულის ცახცახით ვაშტერდები გაცრეცილ ფურცლებს.

ჩემი სამშობლო და ამ წიგნის ბრწყინვალე ბედი

დროთა ქარიშხლებს ერთნაირი სიმტკიცით უძლებს!

 

კიდევ მრავალი საუკუნე გადაიქროლებს,

მრავალ ქურუმთა ხმა ჩაწყდება ღონემიხდილი.

მაგრამ, ცეცხლით და ბრინჯაოთი ნაჭედ სტრიქონებს,

გვერდს აუვლიან მორიდებით დრო და სიკვდილი!