1
ნეტავ როგორი დღე იყო მაშინ,
ან როგორ კრთოდენ მთვარის ნაკვთები,
როცა პირველად გამოჩნდა ზღვაში
ბრწყინვალე გემი არგონავტების?!
გედივით თეთრი და მოელვარე
მოჰქონდა, როგორც ღრუბელი ცისა,
და მოსულ გმირთა აბჯარს მღელვარეს
ცეცხლს უკიდებენ სხივები მზისა.
უკვე შორიდან მათ აბრმავებდათ
კოლხეთის სივრცე, კოლხეთის არე,
სადაც ოქროს ვერძს აბანავებდა
და ოქროს შობდა ზღაპრული მხარე.
მაგრამ ოქროზე უფრო წარმტაცი
იყო ჯადოსნურ ჰანგების ბგერა,
და იმათ ხმაზე ერთი ვაჟკაცი
გახდა გრძნობის და სიმღერის წერა!
სირინოზების გალობით დამტკბარს
ანძაზე მიკრულ ორფეოსს ვხედავ!
მედეას ბაღთან, გუშაგად დამდგარს,
რა გატირებდა, მგოსანო, ნეტავ?!
გამოგიტაცეს ზღაპრული ოქრო,
სინჯეს სიმაგრე მკლავის და შვილდთა.
და უკან დარჩა მედეას ოხვრა
გამოტირება დახოცილ შვილთა!
მაგრამ, როდესაც მშობელ ნაპირებს
მიადგა გემი ძვირფასი ბარგით, –
ზეიმად ამტყდარ ბუკს და საყვირებს
ჰფარავდა ხმები უკვდავი ჰანგის!
2
საუკუნეთა დასცხრა ხმაური,
წყალმა დაფარა კოლხეთის მხარე,
მაგრამ კვლავ ისმის ხმა უცნაური
და სხვანაირად ელვარებს მთვარე.
სხვა სასწაულის მოწამე ხდება
კოლხეთის მხარე ჭაობით სავსე!
აქ თითქოს მიწა ხელახლა ჩნდება
და მზეც პირველად ამოდის ცაზე!
თითქოს ლეგენდა ცოცხლდება ისევ
და დედამიწა სიმღერას ამბობს,
პირველ სხივებით უბეებს ივსებს
და პირველ თავის ნაყოფსაც ატკბობს!
ზღაპრული ოქრო ამოაქვს თითქოს
რომ ის უბრძოლოდ დაუთმოს იმათ,
ვინც გრძნობს ახალი ცხოვრების სითბოს,
ახალ ცხოვრებას გაბმია სიმად!
და კოლმეურნეს ვაჟკაცურ მხრებით,
მიწის პატრონი რომ არის სრული,
მოესმის უკვდავ სიმღერის ხმები,
რომ გაუგმირა ორფეოსს გული!