თოვს – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1925

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

თოვს

თოვს, ეს სიჩუმე და სისუფთავე

მე ძველებურად აღარ მახარებს!..

მე ჩემ სიმღერას უკვე ვათავებ

და ჩუმათ ვრაზავ გაღებულ კარებს.

 

ეს სისპეტაკე, ფიქრებს რომ აჰყვა,

მე ხომ გაჩენის დღიდანვე მკლავდა!

როცა მუზები მირწევდნენ აკვანს

და ცისფერ ყვავილს ჩემს გულში რგავდნენ.

 

ცივი და ჩუმი თოვლის შრიალი –

ეგ ხომ ხმა არის მიმავალ ჟამის!

და მალე ჩემი გულის ფრთხიალიც

შეუერთდება თოვლსა და ღამეს…

 

მე ისევ მესმის წარსულის კვნესა!

კაეშანს ჩემსას სიჩუმე ათრობს.

დაკარგულ საფლავს ვიგონებ შენსას,

სადაც, ძვირფასო, გძინავს და გათოვს…

 

ეგ ხომ ჩემს პირველ სიყვარულს ათვს!

ეგ ხომ შენი ხმის შრიალი არის!

შენი უკვდავი ღიმილი მაკრთობს –

გამოშუქება ციური მხარის!

 

თოვს, ეს სითეთრე და სისუფთავე

მე ძველებურად აღარ მახარებს…

მე ჩემს სიმღერას უკვე ვათავებ

და ჩუმათ ვრაზავ გაღებულ კარებს.