თეთრი ტყემლები – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 04.1926

ადგილი : თბილისი

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

თეთრი ტყემლები

. ნ-ძეს

 

გაზაფხულია და დღე ბრწყინვალებს,

როგორც გვირგვინი ძვირფასი თვლებით,

მე ჩუმათ უმზერ მაღალ მყინვარებს,

და აყვავებულ ტყემლებით ვთვრები.

 

გულო, წყარი ხარ, წყნარი და წმინდა,

თუ აღარ უცქერ ცხოვრებას უბრად;

გინდა მტრედივით აფრენა ხიდან,

რომ ცას გაეკრა პატარა ღრუბლად.

 

ძვირფასო, ეხლა ტყემლის რტოების

თავზე მადგია თეთრი დიდება,

მე მათი თოვლით დავითოვები,

და თვალი ფუტკარს გაეკიდება.

 

ტყემლები ჰყვავა, თეთრი რტოები

სულში მათოვენ, სულში მღერიან,

და შორი მთები განმარტოებით

იების ხვავად ცამდე დგებიან.

 

მე სიხარულით დღესა ვარ ავად,

მე მინდა მოვკვდე ერთ უკვდავ ხმაში;

მინდა, ეს გული ოქროსფერ ნავად

გადავაცურო ლაჟვარდის ზღვაში.

 

გამოდი მინდვრად, გადმოირბინე

ეს მობიბინე იონჯის ფარჩა!

მე მახსოვს შენი მკლავთა სირბილე,

და კოცნის თაფლი ტუჩებზე დარჩა.

 

შენი მკერდები ათქვირდა მაშინ,

ეს მოგონება აღარ გაქრება,

როცა ნესვები დამწიფდენ ბაღში,

და ყვითელ ატმებს დაუწყეს კრეფა.

 

მე მახსოვს: ფერად კალათებს სწნიდი,

რომ დაგეკრიფა ყურძენი ხეზე,

და გიწეპავდენ ტუჩების კიდეს

მწიფე ლეღვები დამსკდარი მზეზე.

 

შემდეგ ვენახი, რთველი, ბუები,

სიმინდის ქება, ურმის ჭრიალი,

შენი მაგარი, თეთრი წვივები,

და ბალახების ირგვლივ შრიალი

 

გაზაფხულია; თეთრი ტყემლების

მხურავს სიწმინდე და მოფერება.

ო, გამარჯობა, ჩემო ცრემლებო,

სიცოცხლე, მზე და ბედნიერება.