თეთრი ეტლი – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1928

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

თეთრი ეტლი

დღეს ისევ მიგვაქანებს

თეთრი ეტლი, თეთრი გზებით.

ჩვენ გავყვებით ბუქს და ქარებს

და თოვლებით დავითვრებით.

 

მხოლოდ ახლა, მხოლოდ ახლა

მე მოვნახე შენი კვალი,

და სივრცეში ცურავს მაღლა

ზარის ხმა და მთვარის თვალი.

 

ეს ხომ შენ ხარ! სიზმარია,

შენი ხმა რომ ღამეს ჩარჩა!

მთვარის შუქი გაფარია,

და თოვლების ლურჯი ფარჩა.

 

მოელვარე ღამის ბურში

შენი ფეხის კვალი ჰქრება…

შენი კვნესა ისმის გულში

და ქარ-ბუქში ატირება!

 

ისევ თოვლად იწყებ ქათქათს,

თოვლით იწყებ ისევ ცეკვას…

სივრცეში და ველად გადგა

ეჟვნების და ვარსკვლავთ რეკვა.

 

რას დასტირის ქარი ველად?

შენი ხელი რისთვის კრთება?

მხოლოდ ღამე უდგას მცველად

ჩვენს ბაგეთა შეერთებას!

 

მოდი ჩემთან, მოდი ახლოს

და ალერსი მარგე მწველი!

ნუ თუ ისევ უნდა გახლოს

შენ სიკვდილმა თავის ხელი?!

 

ეტლი მიჰქრის. ცხენი ნალი

მთვარის შუქზე გადაიწვა.

აღარა სჩანს შენი კვალი

და ქარ-ბუქის გზებზე მიწვა.

 

უფსკრულისკენ განაქროლებს,

ისევ გელის კუბოს კარი.

და ყინვების ცისფერ ბროლებს

შემოგარტყამს რისხვით ქარი!..