ჩემი დაცული პატიოსნება,
კეთილშობილი კაცის სახელი, –
წარსულ დღებზე ჩუმი ოცნება,
ცრემლმორეული თვალის გახელით.
დამემკვიდრება სასუფეველი,
დავიმსახურებ, ასე მგონია…
ნეტავ, რა მინდა, ან რას მოველი,
რათ არ თავდება ეს აგონია!
თვალებში სევდას დამამალიებს
თვე იანვარის ბინდი და მწუხრი
და ზამთრის დღეთა სატურნალიებს
შევებრძოლები დანთებულ ბუხრით.
გული ღონდება, როდესაც ბედი
ნაკლული მთვარის ნიშანით მიდის;
არის ინტიმი: – მალარმეს გედი,
და იმერეთში თამარის ხიდი.