გამოიღვიძე – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1936

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

გამოიღვიძე

წუხელ, მთელ ღამეს სჭექდა და ქუხდა,

წვიმდა, ელვები არბევდნენ წყვდიადს.

თითქოს ბუნება გლოვდა და სწუხდა

და გამოთქვამდა კაეშანს დიადს!

 

მაღლიდან, როგორც ცეცხლის ნატეხი,

და სერაბიმის შიშველი ხმალი,

მუხას გრიალით დაეცა მეხი

და გაუგმირა გულმკერდი ალით.

 

მეც სევდას ვგრძნობდი გულში ჩანთხეულს.

თვალს ვადევნებდი ელვების ფრენას.

და, შენს ფანჯრებთან ღამეგათეულს,

მე მახარებდა გრიგალის სმენა.

 

ახლა შეხედე წვიმის წვეთებით

და მზის სხივებით ანთებულ ფოთლებს!

ზეციდან ოქრო ძირს იღვენთება

და დედამიწაც სურნელს აორთქლებს.

 

გამოიღვიძე, ძვირფასო ჩემო!

შენც შეურთდი ზაფხულის დილას!

ჰქრიან მერცხლები ხეების ზემოთ

და ოხშივარი ამოდის სილას.

 

ამოდენი ლალის და ოქროს დახლას

ვეღარც კი უძლებს ფანჯრების ჩარჩო!..

თითქოს ბუნება იშლება ახლად

და მზე და სითბო სამყაროს იღრჩობს!

 

გამოიღვიძე, რომ შენს თვალებში

კვლავ დავინახო ტრფობა და ზეცა,

რომ ამ სიცოცხლის გაშლილ მკლავებში,

როგორც სიცოცხლეს გიცქერდე შენცა!

 

გამოიღვიძე, რომ სხივთა წვაში,

ამ ნიაღვარში ხმათა და ფერთა,

ამ სიხარულის და შუქის ზღვაში

ვიყო შენს ახლოს, ვისუნთქო შენთან!