ვარ აზიელი; ამებურდა სიზმრებით თვალი;
კვლავ ეკვატორი მეცხადება, ხაშმით მაბრუებს;
ლომები ზანტათ დაეძებენ დაბურულ ღრუებს,
მძიმე თათებით ცხელ სილაზე აჩნდება კვალი.
ინდოეთის წინ მოვიხადო, მსურს, ჩემი ვალი;
სადაც კერპები თვალჩასმული დასცქერენ რუებს;
ჩრდილოეთ ზღვების მარტოობა შავათ მაყრუებს;
ათასი წლები, Auto da fe, გზები უვალი!
ქვეყნიერებას მოვევლინე ცხვირგატეხილი,
ფერმკრთალი სახით, ხორციანი სქელი ტუჩებით;
ვატარებ ლორნეტს, დავიდარდე დიდი ქუჩებით!
ახ, ნეტავ ქრისტეს ჩემი გული გადაეხილა –
თუ ვიქნებოდი მუდამ ასე, ცოდვილი, შავი,
მე ავზნიანი, დღენაკლული და საცოდავი!..