გამოუცნობი და სანატრელი, ვით ჯიოკონდას ღიმილი მკრთალი
საღამო იდგა ფარჩით მორთული და გაეშალა ცაზე ფრთა-ალი.
შენი სურნელით დაბურვილ ჰაერს ავსებდენ კრთომით შუმანის ხმები;
თითქოს ელვარე ზღვების სივრცეში მიმოცურავდენ თეთრი გემები.
სუსტი თითები დაჰქროდენ თეთრათ, როგორც შუაღამით მთვარის სხივებზე
მიცვალებული ქალწული დები იწყებენ თამაშს საფლავის ქვებზე.
ტირილი სკრიპკის; მერმედ სიჩუმე და დაღლილობა ბინდისებური.
ვერლენის ლექსი, ლოცვის სურვილი გამოუცნობი და უნებური.