მე იმერეთის დავშორდი ჭალებს,
გამოვესალმე იმათ ბოდიშით,
რომ კიდევ ერთხელ ენახა თვალებს
მშვენიერება ძველი ოდიშის.
დავტოვე ფოთის უსაზღვრო სევდა
და მარტოობა დიდი გემების,
როცა შუაღამეს ღრიალით ხევდა
სირინოზების მწუხარე ხმები.
როგორც სიცოცხლე, როგორც ალერსი,
ისეთი ტკბილი იყო ჰაერი!
მათრობდა გრძნობა უმხურვალესი,
ჯერ განუცდელი და სხვანაირი.
ვით შევარდენი, ჯერ დაუგეში
ისე ითხოვდა გაფრენას გული,
მხოლოდ ზღვა იყო ჩემი ნუგეში
და მისი სივრცე გადაკარგული.
რამდენმა ფიქრმა, რამდენმა განცდამ
გადაიელვა ჩემ სულში მაშინ,
როს თვალი ნაცნობ ნაპირებს აცდა
და მზე ჩასვენდა ანთებულ ზღვაში.
მენატრებოდა, მსურდა მენახა
აფხაზთა მხარე, მხარე ზღაპრული!
მე ეს სურვილი გადამენახა
თვით ბავშობიდან გულში ჩაკრული.
და როცა შორით, მწვანე ტალღებში
უცხო ქალაქი ამოიმართა,
მე თითქოს ვიღაც შემიდგა მხრებში
და გული გახდა ზღვასავით ფართე.
და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ არის
ჯერ არ ნახული ბედნიერება!
რომ სხვანაირი არსებობს მთვარე
და მისი ნაზი მშვენიერება.
სად, რომელ ქვეყნად მოინახება
ასეთი ღრმა და წმინდა ლაჟვარდი!
მხარე, გაშლილი მწვანე ბაღებით
მე შენს წინაშე მინდა დავვარდე.
რომ შეურთო ამ გულის ბგერა
თქვენი ზღვის ცისფერ ტალღების ხმაურს,
რომ გითხრათ მართლა! სიცოცხლე მჯერა,
როცა თქვენს მონას ვხედავ უცნაურს.
12.XI. 27 წ.
ქ. სოხუმი. სასტუმრო „ორიენტალი“, №20
ლექსი დაწერილი კბილის ტკივილის დროს