კოლაუ ნადირაძეს – Blue Horns

ავტორი : მიქელ პატარიძე

თარიღი : 1932

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 28731-20-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

კოლაუ ნადირაძეს

ძმაო კოლაუ!

ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მღელვარებით უკითხავს ლექსს პოეტი პოეტს, მით უმეტესად, პირველად და ისეთს, რომლის მსჯავრი შეიძლება წამკითხველისთვის დაფარული სინამდვილის გამომჟღავნება იქნეს. ეს ახლახან დაწერილი ფრაგმენტი, შინაგან სიმკვრივეს მოკლებული და დაულაგებელი არის იმ დაპირების არა შესაფერისი შესრულება, რომელიც შენი ლექსის წაკითხვის დროს ვსთქვი. ყოველ შემთხვევაში, მღვდელი ფარაჯაშიც იცნობის. მიიღე ეს კიდევ გაუბედავი ჩახველება გამოუცდელი მომღერლის, რომელსაც დიდ არტისტთან უხდება დუეტის შესრულება. ყოველ შემთხვევაში, დაწყება შენ გეკუთვნის და შენი უნდა იყოს, საერთო უღლის გაწევა-კი ჩემი უდიდესი სიხარული და სურვილი.

მიქელ პატარიძე

1932 წლის ზამთარი

ტფილისი