მოგონებების ფურცელი
1923 წელს ჩამოველ თბილისში. ძლიერ მინდოდა ჩემი მეგობრების ნახვა, რომელნიც ქუთაისიდან ჩვენს სატახტო ქალაქში გადასახლდნენ. მომენატრა თბილისი, რომელიც უკვე ორი წელიწადი არ მენახა.
ჩვენ, ცისფერ ყანწელთა ქუთაისში დარჩენილი ჯგუფი, ბოგემურ ცხოვრებასთან ერთად ვახერხებდით ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობასაც – ჟურნალ „ცისფერი ყანწების“ მე-2 ნომერის გამოსვლისა და ჩვენი მეგობრების თბილისში გადასვლის შემდეგ, შევძელით საკუთარ ნაწარმოებთა პირველი წიგნების გამოცემა, რასაკვირველია, საკუთარ ხარჯზედ. უპირველეს ყოვლისა ვახერხებდით კარგი ქაღალდის შოვნას, შემდეგ ვიბრძოდით, რომ უზრუნველ ყოფილიყო სტამბების თანხმობა ჩვენი წიგნების დაბეჭდვის შესახებ. რაც არც ისე ადვილი საქმე იყო, თუ მხედველობაში იქნება მიღებული ის ჩვენდამი მტრული განწყობილება, რომელიც ჩვენს ირგვლივ იყო შექმნილი მეშჩანური წრეების მიერ. ცენზურასთან ბრძოლაც ბევრ დროსა და ენერგიას გვართმევდა. რაც შეეხება ფულს – ერთმანეთს ვეხმარებოდით ალალი გულით და სიყვარულით. ყოველ შემთხვევაში ვალის გადახდის შესახებ ჩვენ შორის ლაპარაკი არასდროს ყოფილა.
გამოიცა ვალერიან გაფრინდაშვილის პირველი წიგნი „დაისები“. სანდრო ცირეკიძის წიგნი „მთვარეულები“, ჩემი პირველი წიგნი „ბალდახინი“. ვთარგმნეთ და ცალკე წიგნად გამოვეცით სტეფანე მალარმეს ლექსები, გამოვეცით აგრეთვე „პოეზიის ახალი ანტოლოგია“, გამოიცა ვალერიან გაფრინდაშვილის რედაქტორობით, პირველი ნომრები ლიტერატურული ჟურნალისა ,,მეოცნებე ნიამორები“, სანდრო ცირეკიძის რედაქტორობით კი გამოიცა ჟურნალი ,,შვილდოსანის“ ორი ნომერი.
ბოლო ხანებში ქუთაისში დარჩენილ მეგობრებს შორის დაისვა მთავარი საკითხი ჟურნალ ,,ცისფერი ყანწები“-ს მე-3 ნომრის გამოცემის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ პრაქტიკულად ამ საკითხის გადაჭრა ჩვენ არ შეგვეძლო, თბილისელ ამხანაგების მონაწილეობის და თანხმობის გარეშე. საჭირო იყო პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის და სხვების ჟურნალის გამოცემაში უშუალო მონაწილეობა, განსაკუთრებით კი პაოლოსი, როგორც ჟურნალის რედაქტორისა, ამგვარად, თბილისში ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ამ საკითხის მოგვარება და გადაჭრაც გახლდათ.
მზიანი ოქტომბრის დილით შემხვდა ჩვენი თბილისი. ჟურნალ „დროშის“ რედაქციისკენ გავეშურე, ვიცოდი რომ იქ ვნახავდი ჩემს მეგობრებს. რედაქცია არსებობდა რუსთაველის პროსპექტზე, საოპერო თეატრის პირდაპირ, სადაც ამჟამად წიგნის მაღაზია „ჩირაღდანია“ მოთავსებული.
რედაქციის შესასვლელთან, გაუგებრობის შედეგად, პატარა, მაგრამ მეტად სასიამოვნო ინციდენტის შემდეგ გავიცანი პოეტი გიორგი ქუჩიშვილი, რომელიც წინად არ მენახა. იგი რედაქციის ორ საფეხურიან კიბეზე იჯდა, ღვინო დალეული და ნაღვლიანი. რატომღაც უდიერად და უხეშად შემხვდა.
ალბად თვალში არ დაუჯდა და მოეწონა ჩემი ცოტა არ იყოს უდროო და უადგილო მომეტებული ოპტიმისტური განწყობილება, ჯანსაღი გარეგნობა… რედაქციიდან სასწრაფოდ გამოსულ პაოლო იაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, გოგლა ლეონიძის, ტიციან ტაბიძისა და ალი არსენიშვილის ჩარევით ინციდენტი ამოიწურა. აღსანიშნავად ამ ამბისა, ჩვენი (მე და გიორგი ქუჩიშვილის) გაცნობისა, შერიგებისა და ჩემი თბილისში მოულოდნელად ჩამოსვლისა, თავი რესტორან „არაგვში“ ამოვყავით.
მინდა, აღვნიშნო, რომ ორი კვირის განმავლობაში, რაც მე თბილისში დავრჩი, ძლიერ ახლოს გავიცანი და დავუახლოვდი გიორგი ქუჩიშვილს, ამ გულწრფელ მშვენიერ პოეტს, საოცრად კეთილს, შინაგანად სპეტაკს და გულხმიერს, რომელსაც მხოლოდ მომეტებულ ღვინის სმის დროს მკაცრად ეცვლებოდა ხასიათი და განწყობილება, მხოლოდ და განსაკუთრებით იმ პიროვნებისადმი, ვინც მას არ მიაჩნდა ღირსეულ და ნიჭიერ ადამიანებად. ჩვენ ისევ ვიხსენებთ ჩვენს ახლო წარსულს! ისევ მეგობრულ სიყვარულით და ახალგაზრდული სიმხნევით ვათეთრებთ ღამეებს. თბილისის ქუჩებში ხეტიალი არ გვეზარება. უკვე დაოჯახებულ მეგობრების წრეში მახარებს ყოფნა. ისევ თავდავიწყება, უდროვოთ სამუდამოდ დაკარგულ მეგობრების ცრემლებით მოგონება, ისევ პოეზიის ქარცეცხლში მოქცევა, ისევ პოეზიის ღვთაების წინაშე თავისა და მუხლების მოხრა. „ცისფერი ყანწების” მესამე ნომრის გამოცემის საკითხი არ მოგვარდა. ჟურნალის გამოცემა უკვე რთულ პრობლემათ გადაიქცა, რომლის გადაჭრა ჩვენი ძალებით ჩვენ უკვე აღარ შეგვეძლო…
ერთ დღეს ძლიერ მომინდა იეთიმ გურჯის ნახვა და მასთან პურის ჭამა. მწერალთა კავშირში შევხვდი ტიციანს, გიორგი ქუჩიშვილს და არნო ონელს. მე გავანდე მათ ჩემი სურვილი, რასაც მათი მოწონება და დასტური მოჰყვა. გადავწყვიტეთ წასვლა „დენიკინთან“. ეს სახელი, კაცმა არ იცის, რატომ შეარქვეს ეხლანდელ კოლმეურნეობის მოედანზე არსებულ ღვინის სარდაფის პატრონს, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა დენიკინთან (რამდენათაც მე გამეგებოდა) არც გარეგნობით და, რასაკვირველია, არც შინაარსით.
„დენიკინი“ საკმაოდ ტანადი და ჯანიერი კაცი გახლდათ, სტუმრების კარგი, თავაზიანი მიმღები, მეტად მოსაწონი კახური ღვინით მოვაჭრე. მისი სარდაფი, მოცულობით დიდი, საკმაოდ ტევადი, ღვინის მუხის კასრებით იყო მდიდარი. ჩვენ რომ მას ვესტუმრეთ, დაახლოებით დღის 4 საათი იქნებოდა.
- მობრძანდით, თქვენი ჭირიმე, კარდანახის წარაფებიდან ახლად მიღებულ ღვინოს შეგასმევთ!
– ჩვენ კიდევ ხრამული, გუდის ყველი და დოში მივიტანეთ,
– ძვირფასო დენიკინ, შოთი პური კი გვაკლია – უთხრა ტიციანმა
– შოთი პური ჩემზედ იყოს, ამაზედ ნუ გაირჯებით!
– ეს ყველაფერი კარგი, – წარმოსთქვა ქუჩიშვილმა, – მაგრამ მთავარია იეთიმის ნახვა გვინდა
– იეთიმისა?! ღმერთო ჩემო, განა ის აქ არ არის!
სარდაფში მართლაც იეთიმ გურჯი დაგვხვდა. ტიციანი და არნო მიესალმნენ იეთიმს, როგორც კარგ ნაცნობს და უამბეს ჩემს შესახებ, იეთიმმა სიხარულით გამომიწოდა მკლავები.
– ლიხთიქითაურ მხარედან ჩამოსულ სტუმარს ჩემი სალამი და ჩემი გული – თქვა მან – ჩვენ გადავეხვიეთ და გადავკოცნეთ ერთმანეთი.
ჩემს წინ იდგა თავის გახუნებული მოკლე ნაბდით ეს უბრწყინვალესი ქართველი აშუღი, ჭეშმარიტი ხალხური პოეტი იეთიმ გურჯი, რომელიც ასე უყვარდა ქართველ ხალხს, რომელიც უყვარდა ყველას თბილისში, რომლის ლექსების არყვარება შეუძლებელი იყო! მე კი თან დამდევდა სტრიქონები მისი პოეზიისა – „წყალში ვდევარ – ცეცხლი მიკიდია”, „გამარჯობა, ჩემო ქალაქ თბილისო, დაკარგული შენი შვილი მოვედი“, „რად მინდოდა, მშრალ ქვიშაზე მებადურად რომ დავმდგარვარ“, „ქვამარილით ბანს ვიშენებ ჩემი სახლის დასახურად“, „ქრისტეს მცნებით რათ მოვსულვარ მახმადის კარს სამსახურად?!“
– კარგი იქნებოდა, დღევანდელ ჩვენს პურის ჭამას ჩვენი ალექსიც დასწრებოდა, აი თქვენ ახლა ერთი ფეხით გაგასწროთ! – ამბობს იეთიმი
– ვინ ალექსი? – ვკითხულობთ.
– განა არ იცით? ჩვენი ალექსი ბარნოვი – ჩემი დიდი მეგობარი, პატიოსანი კაცი, დიდი ვასილ ბარნოვის ახლო ნათესავი.
უკვე ღამდება. ჩვენ დაშლას ვაპირებთ. მრავალი ძმური სადღეგრძელოა შესმული, მაგრამ ტიციანი ჩვეულებრივი დაუცხრომლობით წინადადებას იძლევა.
– ახლა კი დავემშვიდობოთ დენიკინს და ავეტიკს ვეწვიოთ. იქ დავასრულოთ ეს დროს ტარებაც!
ტიციანის წინადადებას ყველანი ერთსულოვნად მხარს ვუჭერთ.
პუშკინის სახელობის ქუჩით მივდივართ სარდაფისკენ, რომელიც პუშკინის სკვერის პირდაპირ არის, სადაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საერთოდ სახელგანთქმული „ვეტიკა“ იმყოფება.
იეთიმ გურჯი მხიარულია და ბედნიერი.
ავეტიკა დიდი პატივისცემით გვღებულობს ჩვენ და მხიარული ეგებება იეთიმს.
– იეთიმ, გავიგე ავლაბრიდან აქეთ, ჩვენსკენ, გადმოგიტანია გუდა-ნაბადი, კარგი გიქნია, ჩემო კეთილო, თორემ უშენობა ძლიერ ემჩნეოდა აქაურობას.
– გადმოველ, ავეტიკ ძვირფასო. მეც მომენატრე. ეხლა დენიკინიდან მოვაბიჯებთ.
– მობრძანდით, გეთაყვა, მობრძანდით, ჩემი ღვინოც გასინჯეთ, იგემეთ. ამ პატიოსან ხალხის მოყვანისთვის დიდი მადლობა, ჩემო იეთიმ!
– ნურაფერს მოითხოვთ, ავეტიკმა თავად იცის რა გეამებათ, იმას მოგართმევთ, რაც თქვენს გულს გაუხარდება!
– აბა, ავეტიკ, დატრიალდი შენებურად, – ეუბნება იეთიმი, დაამშვენე ახლა ჩემი სიღარიბე, სიმდიდრეს ხომ დამშვენება აროდეს დასჭირვებია.
– ბატონებო, დაბრძანდით, მოილხინევით, თქვენ გენაცვალეთ!
– იეთიმ, კეთილო, სიღარიბე ჭირს წაუღია, ჩვენ გულით მდიდრები გახლავართ! რომელ დამშვენებაზე მეუბნები, იეთიმ, განა შენ დამშვენებული არა ხარ? ჩემი თუ არ გჯერა შენს მეგობრებს დაეკითხე, იმათ შენზე უკეთ იციან!
მართლაც, შესანიშნავი სუფრა გაიშალა! ჩვენი დროსტარება მედუდუკეთა სიმღერებმა დააგვირგვინა. სიმღერებმა, იეთიმ გურჯის ლექსებზე აჟღერებულმა. შეზახორშებული და საკუთარ ლექსების მოსმენით გარინდებული იეთიმ გურჯი სუფრის ბოლოში ზის ხელებზე თავდაყრდნობილი.
ვემშვიდობებით ერთმანეთს. რატომღაც ტიციანი, იეთიმი და მე მარტონი ვრჩებით და გაყრას ვაგვიანებთ.
– ძვირფასო ტიციან, ძვირფასო ნიკო, – გვეუბნება იეთიმი. ჩვენ ხომ სიყვარულში და მეგობრობაში გავატარეთ ეს დღე, მოდი ეხლა, ეს ღამეც წავაგოთ ერთად აი იმ პატარა ბაღში, ჩვენს გვერდით რომ არის, წავაგოთ პუშკინის გვერდით.
– წავაგოთ ღამე?! – გაკვირვებით ვეკითები იეთიმს. ტიციანი იცინის.
– ხედავთ, რაოდენ მაღალი ხეებია იქ! ხედავთ, რაც კი ახლო-მახლო ყვავ-ყორნებია აქ, ამ ხეებზე აურზაურით ათევენ ღამეს. ჩვენც წამოვწვეთ აქ, თბილი ღამეა, ტკბილად დაგვეძინება, პუშკინის გვერდით გავაფენ ჩემ ნაბადს და მოვისვენოთ, დილით კი, ვიდრე მზე ამოვა ისევ ეს ქუჩა გადავლახოთ, ისევ ავეტიკს ვეწვიოთ და სახელგანთქმული ავეტიკის ხაში ვიგემოთ. ასეთ ხაშს ხომ ქალაქში ვერავინ აკეთებს!
– ღამე წავაგოთ? – გაკვირვებით შევეკითხე იეთიმს, ტიციანი იცინის…
– დიახ, ძვირფასო ნიკო, ასე ვეძახი მე ამნაირად გატარებულ ღამეს… წავაგოთ ღამე, ისე როგორც ჩვენ ყველაფერს ვაგებთ ამ დუხჭირ ცხოვრების სავალალო ორომტრიალში!
ქუთაისში წასვლამდე, მე კიდევ ორჯერ მომიხდა იეთიმ გურჯთან ღამის წაგება-ერთხელ პაოლოსთან, მეორედ კი ისევ ტიციანთან და ახალგაზრდა ნიჭიერ სომეხ პოეტთან ეგიშე ჩარენცთან – რომელთანაც მე და ტიციანს ახლო მეგობრობა გვქონდა.
როგორც ტიციანი, ისე ეგიშე ჩარენცი 1937 წლის უდანაშაულო მსხვერპლნი გახდნენ. პაოლოც ხომ ამავე საშინელი წლის მსხვერპლი გახდა!
კოლაუ ნადირაძე