ნინო ტაბიძის მოგონება – Blue Horns

ავტორი : ნინო ტაბიძე

თარიღი : 1965

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 28600-1-ხ.

გამოცემა :

მოგონებები

ნინო ტაბიძის მოგონება

მე ვიყავი მეხუთე კლასში. გაგვიცდა ქართული ენის გაკვეთილი. ჩვენ დავიწყეთ გაზეთ საქართველოს კითხვა. ძალიან მოგვეწონა გიორგი ლეონიძეს ლექსი. ნინო ღვინიაშვილმა, ჩემმა კლასის ამხანაგმა მითხრა, შენ იცი, რომ გიორგი ლეონიძე ჩვენი ხნისაა? თურმე სწავლობს სემენარიაში, და არის უსაყვარლესი მოწაფე ვასილ ბარნოვის. იმის მემრე მე ვაქცევდი ყურადღებას მის ლექსებს. გავიდა ხანი, მე დავამთავრე სწავლა და წავედი თბილისში. იქ მე გავიცანი ყანწელები. გოგლა არ იყო ყანწების ჯგუფში. ყანწელების საღამოს მე და გოგლა ერთად დავესწარით და ერთად ვისხედით. გოგლა მე გამაცნო ტიციანმა. ეს იყო იორის ალვის ხესავით ასხლეტილი, ცისფერი თვალებით და ლამაზი ტუჩკბილით. ტიციანი და გოგი მუშაობდენ გაზეთ საქართველოში. იქ ძლიერ დამეგობრდენ. ხშირად დადიოდენ ქალაქის მიდამოებში. ავიდოდით ფუნიკულიორზე და იქ სადმე მყუდრო ადგილას დავსხდებოდით. ეს ორივენი აღტაცებულნი გადაჰყურებდენ თბილისს. აქ იღვიძებდა ისტორია საქართველოსი, აქ მე უყურებდი, როგორ განიცდიდენ ისინი თბილისის დანგრევას, საქართველოს აწიოკებას. გეგონებოდათ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა იმათ თვალების წინ. ხშირად ცრემლებსაც დავინახავდი იმათ თვალებზე, მაგრამ ვცდილობდი, არ შემემჩნია და არ დამერღვია ის ღრმა განცდები, რომელიც იყო გამოწვეული დიდი სიყვარულით თავის სამშობლოსადმი. მალე გოგლა გახდა ყანწების წევრი. ის იყო ყველაზე ახალგაზრდა და ყველას უყვარდა ისე, როგორც ოჯახში უყვართ ყველაზე უმცროსი შვილი.

ტიციანი, პაოლო და ვალერიანი აღტაცებული იყვნენ გოგლას სიტყვის მარაგით და არა ჩვეულებრივი, ქართული მიწასავით ნოყიერი და სურნელოვანი, მუზიკალური ლექსებით. ძლიერ დამეგობრდნენ და ერთი დღე არ გავიდოდა რომ არ შეკრებილიყვნენ ერთად. ეს შეკრება იყო სულ ყოველთვის განათებული ახალი ლექსებით, ახალი შთაგონებით, იყვნენ ბედნიერი მით, ხვალ კიდევ შეხვდებოდნენ და ისევ ლექსებით გაუზიარებდენ ერთმანეთს თავის სიყვარულს სამშობლოსადმი. მე პირადად სულ ყოველთვის მომწონდა გოგლას სიყვარული თავის სოფლელების, ძაან ყურადღებით იყო და იჩენდა დიდ მზრუნველობას.

ერთხელ მივდიოდი ავტობუსით საგარეჯოში. გზაში ყველა უჩვენებდა წყლის მილებზე და ლოცავდენ სახალხო პოეტ გოგლა ლეონიძეს, რომელმაც გაუყვანა წყალი სამ სოფელს: პატარძეულს, ნინოწმინდას და გიორგიწმინდას. მე შევეკითხე, ვინ გაიყვანა წყალი, იმათ მიპასუხეს, რომ პოეტმა გოგლა ლეონიძემ. მე ისე გამიხარდა, რომ ვერ შევიკავე ცრემლები. მაშინვე მომაგონდა ტიციანი, რომელსაც ჩემზე ძალიან გაუხარდებოდა გოგის ასეთი ზრუნვა თავის სოფელზე. იმ საშინელ დღეებში, როცა ტიციანი ელოდა თავის დაღუპვას, სულ გაიძახოდა, ღმერთო, გოგლა გადაარჩინე, ბავშვია ვერ აიტანსო.

ჩემ ქალიშვილს ნიტას ორი დაუბეჭდავი ლექსი აქვს ჩაწერილი ალბომში.