ორი ზურმუხტოვანი მთის შუა მდინარის პირას ხავსიანი ნანგრევი როა, იგი მოჩვენებათა სასახლეა.
როცა შეღამდება და მთები დაიძინებენ, მაშინ შეთრთოლდება ნანგრევი; ნელინელ აიმართება მარმარილოს თაღები; გადამხმარი ბუჩქნარი იავარდით აყვავილდება; აწანწკარდებიან ოქროთი მოჭედილი შადრევნები; სიყვარულის ზღაპრებზე ალაპარაკდება ვერცხლის წყარო, დღისით რომ ათასწლოვან ცაცხვის ძირში იმალება. ჩუქურთმიან ფანჯრებში შუქი ათამაშდება.
აბრეშუმის ხალიჩებით მორთული დარბაზი ვარდისფერ მარმარილოსი, ფარჩითა და ხავერდით მოსილი თავადებით აივსება. ყველა გულისძგერით ელოდება დედოფალს.
გაიღება კარები და გამობრძანდება დედოფალი; მისი შვენება კედლებსაც ახალისებს; აკოკრილ მკერდზე შავათმღელვარ დალალში დაბნეული მარგალიტები ათასფრად ელავენ.
თვალცისკარა ქალწულები იასა და იასამანს უფენენ დედოფალს.
სიყვარულითა და სასოებით შესცქერიან თავადები.
მეფურათ ავა ლალითა და ბრილიანტით მოკენჭილ ტახტზე, თვალს გადაავლებს ძვირფასი ფერებით მოელვარე დარბაზს და იტყვის:
– თავადებო! ბარის მეფე ჩემთვის გიჟდება; ბარის მეფე ჩემს მოტაცებას აპირებს.
და აღელდება კრებული, აჩხარუნდება ლეკურები.
– არასოდეს! უწინამც მიწა დაგვეყრება! – შეფიცავენ ლომივით თავადები თავის დედოფალს.
შამოპარულ რიჟრაჟში დნება გულამაყი აჩრდილები, ჩუქურთმიან ფანჯრებში სინათლე ქრება და მარმარილოს თაღები ხავსით იმოსება.
ალ. ცირეკიძე
ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, 1916, თებერვალი