სანდრო ცირეკიძე, ლექსები – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 05.14.1909

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 4-ხ.

გამოცემა :

პოეზია

სანდრო ცირეკიძე, ლექსები

ილია

ალექსანდრე ცირეკიძისა

N3.

1909 წ.

 

ილია

 I

ორი დღე არის,

რაც რომ ილია

ოთახშიდ კარებ

ჩაკეტილია.

არვის არ უშვებს

ის ოთახშიდა

და არც გამოდის

თვითონ კარშიდა.

ოთახიდან ხმა

არავითარი

არ ისმის, სულ მთლად

დუმილი არი.

ვინც მივა კარებს,

მიურახუნებს,

პასუხს არ აძლევს,

ისე აბრუნებს.

არც ძახილს ჰგონობს

და არც მუქარსა;

არვის არ უღებს

ჩაკეტილ კარსა.

სახლის პატრონმა

და მეზობლებმა

სთქვეს: „თუ ხვალამდი

არ გაგვცაო ხმა,

ხვალ შევამტვრიოთ

ძალით კარიო;

ვნახოთ, რას შვრება

როგორ არიო“.

 

 II

ილია იყო

ოცი წლის კაცი,

ანბანის მცოდნე,

მაგრამ ზარმაცი.

ნოქრადა იყო

და ვერ ივარგა

და „ხაზაინმა“

გამოაბარგა.

მთელი თვე ტყვილა

ეხეტებოდა.

ვისაც ნახავდა

ეხვეწებოდა:

-„ვერსად ვიშოვნე

მე ჯერ ბინაო,

ტყვილა ყოფა კი

მომეწყინაო.

რამე მასწავლეთ

ისეთი თქვენო,

რის კეთებითაც

არ მოვიწყინო.

და წიგნის კითხვას

ურჩევდა ყველა.

ამან ილია

მთლად გაახელა.

მრჩეველს ჰკითხავდა,

გაბრაზებული:

– სად არის წიგნი?

– „დალაგებული

მაღაზიებშიდ

არის ყველგანა“.

– მაგრამ რომელი

არს იმისთანა,

წაკითხვად ღირდეს?

-„ყველა კარგია.

წიგნის არჩევა

მეტი ბარგია.

სულ ყოველ წიგნშიდ

აზრი არისა.

რომელიც შეგხვთეს,

იყიდე ისა“.

და დაიჯერა

მან რჩევა მათი;

იყიდა წიგნი

მან ბარე ათი.

 

 III

მივიდა სახლშიდ

კარი ჩაჰკეტა,

რომ შესვლა ვინმეს

არ გაებედა;

არ შესულიყო,

მიუწვეველი,

არ შეეშალა

იმისთვის ხელი.

წამოწვა ტახტზედ,

დაიწყო კითხვა

და ერთი წიგნი

მან წაიკითხა.

როს გაათავა

კითხვა, ილია

ფიქრით კინაღამ

გადაირია.

წანაკითხ წიგნშიდ

რაც კი ეწერა,

იმან სრულებით

არ დაიჯერა.

არ უჯერებდა

წიგნის დამწერსა;

ამბობდა: -„ის აქ

სულ ტყვილსა სწერსა,

რომ ვარსკვლავები

ჰგვანან მიწასო,

რომ ის, რასაც ჩვენ

ვეძახით ცასო,

ჰაერია სხვა

არაფერიო

და სისქისგან აქვს

ლურჯი ფერიო;

რომ დედომიწა

გარს უვლის მზესო.

იმ მატყუარამ

ვით სწერა ესო,

არის ვენერა,

მარს, ნეპტუნიო,

იუპიტერი

და სატურნიო;

და, მიწასავით,

ერთად ნელაო

უვლიან ირგვლივ

მზეს სულ ყველაო.

ვერ დავიჯერებ

მე ჯერ ამასო

ვნახავ, ის სხვები

მეტყვიან რასო-“

დარჩენილ ცხრა წიგნს

დაუწყო კითხვა

და ერთ დღეს ყველა

გადაიკითხა,

მაგრამ რა ნახა!

სხვა წიგნებშიდა

ის აზრი იყო,

რაც პირველშიდა

და თან ეწერა

სხვებშიდ: „არიო

ჰაერშიდ მფრენი

რაღაც შარიო

და პლანეტებზედ

დღემდე, ჯერაო

არვინ ასულა“.

-„ახლა მჯერაო“ –

სთქვა ილიამ და

იფიქრა თანა:

„თუ არ სტყუიან

და იმისთანა

მართლა არს შარი,

რომ ძალუძს ფრენა,

მაშ მე ვცდი იქნებ

შევძლო აფრენა

ან პლანეტებზედ

ან მთვარეზედა

და მაშვინ კი, ო!

მე, ო! მერმედა

მე შევიქნები

ქვეყნად უკვდავი

სჯობს სახელისთვის

გავწირო თავი“.

ჰფიქრობდა, როგორ

მთვარეზედ ნელა

ავა, ჩამოვა

თაყვანს სცემს ყველა.

აგერა ჩაჯდა

უკვე შარშიდა,

აფრინდა მარდად

ის ჰაერშიდა,

გაფრინდა ზევით

მთვარისაკენა,

ასცილდა ღრუბლებს,

ძირს ისმის ბდგვენა,

მიფრინავს, მაგრამ

გზა ჯერ დიდია,

მთვარე ძალიან

მაღლა ჰკიდია,

მიფრინავს წინ და…

აგერ მთვარეა,

ო, როგორ ბრწყინავს,

რა ელვარეა,

ზედ მარგალიტის,

ოქროს ხალხია,

ო, რა დიადი

რა სანახია,

და ახტა მარდად

ის მთვარეზედა

მაგრამ… დაეცა

იატაკზედა.

 

IV

მეზობლებმა და

სახლის პატრონმა

და მოწვეულმა

ვიღაც ბატონმა

დილაზედ ძალით

შეაღეს კარი

შევიდნენ.. დარჩენ

ხახა გამხმარი,

ნახეს სურათი

გასაკვირია,

მტვერშიდ ჰგორავდა

მათი ილია.

 

ბოლო