ყრმობის სამოთხე… წმიდა სამოთხე,
პირველი კოცნა, შეხვედრის ჟამი.
რუხ ფრთიანმა დრომ მოგვდვა ლაგამი,
გაუწმიდურდა სიწმიდის კუთხე,
პირველი გრძნობის კუბო-სამოთხე!..
მაინც არ მჯერა, ალერსის ბაღი
ჩამომხმარიყოს, ვეღარ აყვავდეს;
მაშინ ცხოვრება საფლავს აგავდეს,
თუ დაგვავიწყდეს ბავშობა ლაღი!..
მჯერა, მწვანეა ალერსის ბაღი.
ვნების გრიგალი დაგვწივის თავზე,
ნებივრობს, ტანში იცინის ცოდვა,
ცეცხლად იშლება სიგიჟის ბოდვა.
როგორც აფთარი გათხრილ საფლავზე,
ვნების გრიგალი დაგვწივის თავზე!..
მაგრამ რა მოკლავს პირველ სიყვარულს?!
სული არ იწვის ვნების კოცონზე,
მაინც ვოცნებობთ ბავშობის დროზე,
მიველტვით მწვანეს ბავშობის კუნძულს;
რა მოკლავს გულში პირველ სიყვარულს?..
მწვანე ედემი, ლურჯი ედემი,
ბავშობა ლაღი, თავისუფალი,
პირველი გრძნობის უმხელი ალი…
ისევ წინ გვიძღვის იმედის გემი,
პირველი გრძნობის ლურჯი ედემი!..