Nocturne – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1912

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

Nocturne

ძღვნად . აბაშელს

 

ღამეა, ღამე. კოლხეთის მთები,

როგორც გეტერა, სდგანან ტიტვლები.

მწუხრის ნიავი ვნებიან ზღაპარს

ეჩურჩულება მძინარე მთაბარს,

სიჩუმე სტირის მარტოობისგან,

სიჩუმე სტირის ამ ნათელ ღამეს.

სულმა, ვით გასძლოს, რომ არ იტიროს,

რა მოიგონებს წარსულ სიამეს!..

კოლხეთის ღამე, სამშობლო ღამე,

ჩემ სიყვარულს რომ ურწევდა აკვანს,

ისევ შემცქერის სევდით თვალებში

და წარსულ დღეთა მომითხრობს ამბავს.

მოღლილ მაშვრალ სულს ფრთები ესხმება.

დაჭრილ გედივით დაჰყივის წარსულს.

სურს, საფლავიდან გამოუძახოს

ადრე დამარხულ გრძნობის გაზაფხულს.

დავიწყებია, რომ დროთ ნიაღვარს

გამეორება არაფრის უყვარს.

დავიწყებია, რომ სატრფოს ალერსს

აწი სატანაც ვერ განაახლებს.

კოლხეთის ღამე… სამშობლო ღამე,

ჩემ სიყვარულს რომ ურწევდა აკვანს.

ისევ შემცქერის სევდით თვალებში

და წარსულ დღეთა მომითხრობს ამბავს…