მამია ორახელაშვილს – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 11.11.1923

ადგილი : თბილისი

საცავი : საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი

გამოცემა :

განცხადებები, მიმოწერა

მამია ორახელაშვილს

ს.ს.ს.რ. სახელმწიფო გამომცემლობის კოლეგიის თავმჯდომარეს

ამხ. მამია ორახელაშვილს.

სრულიად საქართველოს ხელოვანთა მთავარ კომიტეტის

თავმჯდომარის მოადგილის და საქართველოს ახალ მწერალთა

კავშირის თავმჯდომარის ამხანაგის _ ტიციან ტაბიძის

                 

ქართული წიგნის გამომცემლობის მრავალ წლობით შესწავლამ მე დამარწმუნა, რომ საქართველოში არ შეიძლება არსებობდეს სხვა გამომცელობა, გარდა ასეთ გამომცემლობისა, რომელსაც სახელმწიფო განაგებს თავის მასშტაბით. ამის შესახებ მე ვწერდი სხვა და სხვა დროს პერიოდულ გამოცემებში და მწერალთა კავშირის დავალებით ვადგენდი პროექტს სახელმწიფო გამომცემლობისას 1920 წელში, საქართველოს გასაბჭოებამდე ადრე. 1921 წელს, როცა ხდებოდა საქართველოში ორგანიზაცია სახელმწიფო გამომცემლობის და საქმეს ვერ ეძლეოდა შესაფერი მიმართულება, მე გაზეთ `კომუნისტ~-ში მოვათავსე ამის შესახებ წერილები (წერილები დასაბუთებული იყო რ.ს.ფ.ს.რ. სახელგამის ანგარიშებით და ოქმებით). როგორც ერთი ხელმძღვანელთაგანი ქართველ ხელოვანთა ორგანიზაციების და კვალიფიკაციური ბეჭვდის მუშაკი ჩემ ერთად ერთ საზრუნავ საგანს შეადგენდა და შეადგენს გამომცემლობის დარგში მუშაობა. ამიტომ მე ვითხოვ, მომეცეს საშუალება ჩემი გამოცდილება და საქმის სიყვარული გადავიტანო სახელმწიფო გამომცემლობაში.

მე ვფიქრობ, რომ ჩემი მუშაობა არ იქნებოდა ზედმეტი როგორც ქართულ, ისე უცხოელ უახლოესს მწერლობის გამოცემის საქმეში, აგრეთვე შემეძლო მუშაობა, როცა სახელ-გამომცემლობა მორჩებოდა სახელმძღვანელოებისა და აუცილებელ საჭიროების წიგნების გამოცემას და ხელს მიჰყოფდა დიდ ტანიან ჟურნალის ორგანიზაციას. ასეთ ჟურნალის უქონლობას დღეს ყველა გრძნობს საქართველოში, და აგრეთვე ისიც ცხადია, რომ თუ სახელწიფო გამომცემლობა არა სხვა რომელიმე ორგანიზაცია ამ ჟურნალის გამოცემას ვერ შესძლებს.

დეკემბრის პირველ რიცხვებში მე მივემგზავრები მოსკოვში, რომ უშუალოთ შევისწავლე უკანასკნელი წლების რუსული მწერლობა და რ.ს.ფ.ს.რ. სახელმწიფო გამომცემლობის აპარატი, ამ ჩემ მიზანს მეტი გამართლება ექნებოდა, რომ მე დარწმუნებული ვიყო ჩემი გამოცდილებით და საქმის შესწავლით დავეხმარებოდი საქართველოს სახელგამს.

უფრო დალაგებით შემეძლო მომავალ მუშაობის გეგმა გადამეშალა, თუ მექნებოდა საშუალება პირადი შეხვედრისა.

ამიტომ გთხოვთ, მე დამნიშნოთ სახელგამის კოლეგიის წევრად (ახალ მწერლობის კავშირს უმისოდაც არ ყავს იქ თავის წარმომადგენელი), რაც შეეება გასამრჯელო ჯამაგირს, ამას ჩემთვის არ ექნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა და გამოირკვევოდა იმ მუშაობის მიხედვით, რომელსაც მე შევძლებდი გამეკეთებია.

ტიციან ტაბიძე

11 ოქტომბერი, 1923 წ.

ქ. ტფილისი

საქართველოს შსს არქივი (ჳჳ), ფ. 14, ს. 40. ფურც. 686

ტიციან ტაბიძის წერილი შსს არქივიდან (1)