ავტობიოგრაფიიდან – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 15.04.1936

ადგილი : თბილისი

საცავი :

გამოცემა :

ავტობიოგრაფია, ბიოგრაფიები

ავტობიოგრაფიიდან

(1895-1937)

დავიბადე 1895 წლის 2 აპრილს, დასავლეთ საქართველოში, სოფელ შუამთაში – ორპირის მახლობლად. ორპირი საჩინოს თემში შედიოდა. ჩემი ბავშვობის წლებში უკვე აღარავის სჯეროდა, რომ საჩინო საქართველოს ბეღლად ითვლებოდა, იმდენად დაცარიელდა ეს ოდესღაც მდიდარი მხარე, რომელსაც ხშირად იხსენიებდნენ ძველი ბერძენი გეოგრაფები და ჩვენი მემატიანეები.

ადრეული ბავშვობიდანვე უცნაური პეიზაჟით ვიყავი გარემოცული. ტროპიკული გვიმრები, ლიანები, ჭადრებისა და ალვის ხეების ხშირი რიგები და ალაგ-ალაგ ჭაობიანი სახნავების ფართო არე ჩემს გონებაში აცოცხლებდნენ მაინ რიდისა და ალექსანდრე დიუმას რომანების გმირებს. სხვათა შორის, ალექსანდრე დიუმამ გასული საუკუნის 60-იან წლებში იმოგზაურა კიდეც ჩვენს მხარეში და ორპირისა და ფოთის ჭაობების შესანიშნავი აღწერა დატოვა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მზის ჩასვლა რიონისპირა ველებზე, როდესაც მზე ცეცხლმოდებულ მეწამულ პალიასტომის ტბაში ჩაეშვებოდა ხოლმე და ცას სანახევროდ კოღოები ჰფარავდნენ.

მოხუცები წელთა სიმრავლეს ანგარიშობდნენ იმ დღიდან, როცა ქვეყანას შავი ჭირი მოედო და რიონის წყალდიდობამ ყველაფერი წალეკა. ადიდებულ მდინარეს თან მიჰქონდა დანგრეული სახლები, აკვნები, გარღვეული საფლავებიდან წამოღებული კუბოები. ხალხი მთელი კვირეების განმავლობაში ელოდა, როდის ჩადგებოდა რიონი კალაპოტში და ბოლო მოეღებოდა ამ საშინელ მეწყერს.

ორპირი უხსოვარი დროიდან რიონის ნავსადგური იყო. მახსოვს, სამდინარო გემები შემოდიოდნენ ორპირში და გაჰქონდათ სიმინდი და ხმელი ხილი.

უფრო მოწიფულ ასაკში ორპირი და რიონის დელტა მაგონებდა მითს მამაც ოქროსმაძიებლებზე – არგონავტებზე, რომლებიც ამ მიდამოებში გადმოსახლდნენ, დააძინეს დრაკონი და კოლხეთის მეფე აიეტს ოქროს საწმისი და მზეთუნახავი ქალი მედეა მოსტაცეს.

ჩემს თვალწინ ციებისაგან იჟლიტებოდნენ მთელი სოფლები, წყევლა-კრულვით სტოვებდა ხალხი შეჩვეულ ადგილებს. ამ ამბის ხილვა მაგონებდა ფრანგი პოეტის, ლოტრეამონის ლექსებს. გომბეშოს მონოლოგი „მალდარორის სიმღერებიდან“ – ეს იგივე ორპირის ბაყაყების ყოველდღიური ორკესტრი, იგივე გადაგვარების სიმღერა იყო. საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს ეს რაიონი ახლა ციტრუსების ბაღნარად აქცია. კოლხეთის ჭაობების ამოშრობამ და შავიზღვისპირეთში სუბტროპიკული კულტურების დანერგვამ სავსებით შეცვალა ქვეყნის ელფერი და შორეულ მოგონებად აქცია მითი ოქროს საწმისზე.

მამაჩემი თბილისის სასულიერო სემინარიაში იზრდებოდა, მაგრამ მოწაფეთა არეულობაში მონაწილეობის გამო, მეექვსე კლასიდან გამოაგდეს. მთელ თავის სიცოცხლეში იგი თაყვანს სცემდა რუს სამოციანელებს – ნ. ჩერნიშევსკის, ნ. დობროლიუბოვს, დ. პისარევს და სიცოცხლის ბოლომდე ზეპირად ახსოვდა მთელი ნეკრასოვი. მაგრამ მისი ლიტერატურული მოღვაწეობის ცდებიდან არაფერი გამოვიდა – ბაბუაჩემის დაჟინებით იგი იძულებული იყო სოფელში დაბრუნებულიყო და მღვდლობა დაეწყო.

მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა-კითხვა. ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს – ელისაბედ ოქროპირის ასულს. ეს იყო შესანიშნავი და დიდად შრომისმოყვარე ქალი, რომელმაც აღგვზარდა ადრე დაობლებული ბავშვები.

1905 წელს მამამ კლასიკური გიმნაზიის პირველი კლასისათვის მოსამზადებლად ქუთაისში წამიყვანა. მახსოვს, რევოლუციურად განწყობილი ხალხით სავსე მატარებელში მოვხვდით – ოდესიდან შავრაზმელების მიერ მოკლულ პროფესორ საბა კლდიაშვილს მოასვენებდნენ. ქუთაისის სადგურში მატარებელს დროშებითა და მარსელიოზას სიმღერით შეხვდნენ.

საბა კლდიაშვილის დაკრძალვა მრავალათასიან დემონსტრაციად იქცა.

ჩვენმა გიმნაზიამ რევოლუციას და უახლოეს მემარცხენე პოეზიას თავისი ხარკი გადაუხადა. ბევრმა მკითხველმა იცის ამის შესახებ ვლადიმერ მაიაკოვსკის ავტობიოგრაფიიდან, რომელიც ჩვენს გიმნაზიაში აღიზარდა და თითქმის ჩემი ტოლი იყო.

ყველა მეგობარს, რომელიც შემდეგში „ცისფერი ყანწების“ ჯგუფში შევიდა, ჯერ კიდევ გიმნაზიაში ვიცნობდი. მოზარდები ვიყავით და უკვე ვოცნებობდით ახალი სიტყვა გვეთქვა ქართულ პოეზიაში. ქუთაისის გიმნაზიაში, ისევე, როგორც ყველგან, რუსეთის ყოფილ იმპერიაში, მკაცრი რეჟიმი სუფევდა. ბევრი იყო ჩვენთან „პერედონოველები“, მაგრამ იყვნენ მასწავლებლები, რომელთა მადლიერიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში დავრჩი. მაშინ ქართული ენა იდევნებოდა და კვირაში მხოლოდ ერთი გაკვეთილი გვქონდა, მაგრამ ჩვენთან ამ დროს ფართოდ გავრცელებულ იატაკქვეშა ლიტერატურულ წრეებში წარმატებით მიმდინარეობდა მშობლიური ენის სწავლება.

ლექსების წერა ძალიან ადრე დავიწყე, ბეჭდვა კი მეექვსე კლასიდან. თავდაპირველად ქუთაისის გაზეთებში ვბეჭდავდი, შემდეგ თბილისშიც. ორიგინალური ლექსების გარდა მაშინ მთელი რიგი თარგმანებიც დავბეჭდე: ა. ბლოკისა, ვ. ბრიუსოვისა, თ. სოლოგუბისა, ი. ანენსკისა და ფრანგი პოეტებისა, აგრეთვე თ. დოსტოევსკის „ლეგენდა დიდ ინკვიზიტორზე“.

ქუთაისი მაშინ წარმოგვედგინა როდენბახის მკვდარ ბრიუგედ. ამ მკვდარი ქალაქის ფონზე ცოცხლდება „აჩრდილები“ და ჩვენც ლიტერატურული სახეებით ვიყავით დატყვევებულნი. ქალაქი გაღატაკებული წვრილი მემამულეებისა, რომელთაც უკვე კარგა ხანია გაენიავებინათ საკუთარი მამულები, ქალაქი ეშმაკობაში გაწვრთნილი ხალხისა, ოხუნჯობისა და უსაქმო მუქთახორებისა – იწვევდა ჩვენში მეშჩანობისადმი ბოჰემურ ოპოზიციურ განწყობილებას და გვამხნევებდა „საზოგადოებრივი გემოვნების“ წინააღმდეგ.

1913 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში შევედი ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. ამ დროს უნივერსიტეტის ავტონომია საბოლოოდ გააუქმა განათლების მინისტრმა – ბნელეთის მოციქულმა კასომ. მოწინავე ლიბერალმა პროფესორებმა დატოვეს ჩვენი უნივერსიტეტი. მე ვისმენდი ლაზარევის სახელობის აღმოსავლური ენების ინსტიტუტის ზოგიერთი პროფესორის ლექციებს, ვუსმენდი ნიკო მარს, რომელსაც დღემდე ვთვლი არა მარტო საუკეთესო ლინგვისტად, არამედ ქართული მეცნიერული ლიტერატურათმცოდნეობის ფუძემდებლადაც. ჩვენი პროფესორებიდან განსაკუთრებული სიყვარულით ვიგონებ აკადემიკოს მ. ნ. როზანოვს, რომელიც ლოპატინის სახელობის ინსტიტუტში კითხულობდა აღორძინებისა და განმანათლებლობის ეპოქის კურსს. მწყინდა, რომ მიწყდა ტიუტჩევის უკანასკნელი სიყვარულით გამთბარი ვ. ო. კლიუჩევსკის სიტყვები, რომელიც ვერაფრით ვერ შესცვალა რეაქციონერმა რექტორმა მ. ლიუბავსკიმ – კასოს დანიშნულმა ცალთვალა ციკლოპმა.

ამასობაში მსოფლიო იმპერიალისტური ომი ახლოვდებოდა და ჰაერში დენთის სუნი დატრიალდა. ბეილისის სამარცხვინო საქმე განსაკუთრებულად აღაგზნებდა სტუდენტობას. ბოლოს, ავსტრიის ერც-ჰერცოგის მკვლელობა ჩვენი ცხოვრების წყალგამყოფი აღმოჩნდა. 1914-1915 წლებში ლიტერატურული მოსკოვი ჯერ კიდევ სიმბოლიზმის ტყვე იყო, თუმცა უკვე იგრძნობოდა სიმბოლიზმის კრიზისი. შვეიცარიიდან ახლად დაბრუნებულმა ანდრეი ბელიმ თან მოიტანა ბუნდოვანი მისტიური დაქანცულობა, ცხარე კამათი გოეთეზე და ლექციები ჟესტ-მიმიკის თეატრზე. მახსენდება სკრიაბინის სიკვდილი და მისი დაკრძალვა, სკრიაბინისავე მუსიკის კულტი, იგორ სევერიანინის პოეზიის უთვალავი საღამოები, რელიგიურ-ფილოსოფიური საზოგადოების სხდომები და ფორმულა „კანტიდან პრუდონამდე“, რუსეთის ჯარის წასვლა გერმანიის ფრონტზე, მარინეტისა და ემილ ვერჰარნის ჩამოსვლა მოსკოვში, „თავისუფალი ესთეტიკის საზოგადოების“ სხდომა ლიტერატურულ-მხატვრულ წრეში და ვალერი ბრიუსოვის გამოსვლა, აკმეისტებისა და „ადამისტების“ შეტევა სიმბოლისტების წინააღმდეგ, ნაცნობობა ბალმონტთან, რომელიც მაშინ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ თარგმნიდა, გატაცება ბლოკითა და ინოკენტი ანენსკით, და ბოლოს, მოსკოვის ქუჩებსა და ესტრადებზე ვლადიმერ მაიაკოვსკის, ხოლო უფრო გვიან – ხლებნიკოვისა და სხვა რუსი ფუტურისტების გამოჩენა. ყოველივე ეს მაღელვებდა და მიტაცებდა, და ასე თუ ისე აისახა კიდეც ჩემს შემდგომ მუშაობაში. პოლიტიკურ ამბებში სავსებით ნათლად ვერ ვერკვეოდი. ჩემი დამოკიდებულება რუსულ და ფრანგულ სიმბოლიზმთან სრულიად არაკრიტიკული იყო.

1915 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა – საქართველოს ახალგაზრდა პოეტებმა – ქუთაისში ჩამოვაყალიბეთ პოეტების სიმბოლისტური სკოლა უცნაური სახელწოდებით „ცისფერი ყანწები“. მე მომიხდა ორი მანიფესტის დაწერა ჟურნალისათვის, რომელსაც აგრეთვე „ცისფერი ყანწები“ ვუწოდე, და წლების განმავლობაში ვრედაქტორობდი გაზეთ „ბარიკადს“.

მიუხედავად იმისა, რომ მოწყვეტილნი ვიყავით რეალურ სინამდვილეს და უუნარონი აღმოვჩნდით სწორად გავრკვეულიყავით სოციალ-პოლიტიკურ ამბებში, მაშინდელი გაღარიბებული ქართული ლექსის ფონზე პოეტების ახალმა სკოლამ მაინც დიდი როლი ითამაშა. პირველად ჩვენ შემოვიტანეთ ქართულ ლექსში სიტყვები, რომლებიც განდევნილი იყო ან სულ არ იხმარებოდა. პირველად დაიწერა ნამდვილი სონეტები, ტერცინები, ტრიოლეტები. რითმას ახალი გასაქანი მიეცა, ახლებურად ვიყენებდით ალიტერაციებსა და ასონანსებს. ბოდლერის, ვერლენის, რემბოს, ლაფორგის და სხვა ფრანგი და რუსი პოეტების თარგმანებმა გააფართოვეს პოეტური თემებისა და სახეების არე. ქართულმა ლექსმა ახლებური ჟღერადობა შეიძინა.

მაგრამ თუ თვალს გადავავლებ განვლილ გზას, უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ჯგუფი „ცისფერი ყანწები“ წარმოადგენდა ტიპიურ ესთეტიკურ შეზღუდულ მიმართულებას. იმ წლებში ჩვენ, ახალგაზრდა ქართველი პოეტები, მეტისმეტად დიდ ხარკს ვუხდიდით არაჯანსაღ, ბოჰემურ არტისტიზმს, ვქადაგებდით „ხელოვნებას ხელოვნებისათვის“. მხატვრულ შემოქმედებას ვაფასებდით მცდარად – როგორც რაღაც თვითსაკმარს. ძალიან ბევრი გვქონდა წინააღმდეგობანი.

საქართველოში მენშევიკური ხელისუფლების სამი წლის ბატონობამ და საბჭოთა რუსეთისაგან მოწყვეტამ კიდევ უფრო მეტად გაართულა და დახლართა ჩვენი შემოქმედება. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში ჯერ კიდევ სიმბოლიზმი, ფრანგი სურეალისტები და დადაისტები გვიზიდავდნენ.

მაშინდელ პერიოდს ეკუთვნის ჩემი დიდი ლექსი „ცხენი ანგელოზით“, რომელიც დავწერე, როგორც ერთგვარი დისერტაცია „ქართული პოეზიის მეფის“ წოდების მოსაპოვებლად. ლექსი დადებითად მიიღო ქართული საზოგადოების ნაწილმა. ეს ლექსი არ შევიდა ჩემი რჩეული ნაწარმოებების წიგნში; იგი მოწყვეტილია სინამდვილეს და გაჟღენთილია ქართული „მესიანიზმის“ იდეებით.

სამმა წელმა, რომელმაც განვლო ოქტომბრიდან საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, და სიახლოვემ ახალგაზრდა ბოლშევიკ მეგობრებთან, რომლებიც საქართველოში იატაკქვეშ მუშაობას ეწეოდნენ, შეგნებაში გარკვეული სინათლე შეიტანა. მაგრამ ეს საკმარისი არ ღმოჩნდა ნამდვილი ხელახალი იდეურ-შემოქმედებითი შეიარაღებისათვის. მაშინდელი განწყობილებისათვის დამახასიათებელია ქართულ გაზეთ „საქართველოში“ დაბეჭდილი ჩემი ღია წერილი – მიწერილი ცნობილი სომეხი პოეტის, ოვანეს თუმანიანისადმი, რომელიც სომეხ-ქართველთა ომის დროს თბილისში თავმჯდომარეობდა სომხურ სათვისტომოებს. წერილში დაგმობილია მენშევიკების და დაშნაკების მიერ ნაციონალური საკითხის გადაჭრის მაკედონური მეთოდი და ისმის მოწოდება ინტერნაციონალური მეგობრობისადმი. თბილისის გაზეთებში დაბეჭდილი ოვანეს თუმნიანის პასუხი – დიდი პოეტის ამაღლებული სიყვარულისა და გულწრფელობის ნიმუშია მეზობელი მოძმე ხალხების მიმართ.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველივე დღეებიდან დაიწყო ქართული ლიტერატურის რიგების შეცვლა.

ჩემი პირველი დიდი საბჭოური ნამუშევარია „რიონი-პორტი“. ორპირის ბუნების ფონზე, სადაც ხალხი გადაგვარდა ტროპიკული მალარიისაგან, მე აღვწერ საბჭოთა ხელისუფლების გიგანტურ სამუშაოებს, რომელმაც ახალ სოციალისტურ საფუძველზე შეცვალა ქვეყნის სახე და ცხოვრება.

ამას მოყვება ლირიკული ლექსების ციკლი „გულდაგულ“, სადაც მოქმედებაშია ნაჩვენები პირველი ხუთწლედის საქართველო. შემდეგ –  ციკლი „სომხეთში“, სადაც შევეცადე ამესახა ლენინის დიდი პარტიის ნაციონალური პოლიტიკის გამარჯვება. ციკლში „სამშობლო“, ვფიქრობ, ყველაზე უფრო ვუახლოვდები სოციალისტურ რეალიზმს.

ბოლო დროს ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. განსაკუთრებით მიზიდავს შავიზღვისპირეთის სუბტროპიკული კულტურების ზონა, სადაც აშრობენ ორასი ათას ჰექტარ ჭაობიან მიწას და აშენებენ ციტრუსების გიგანტურ ბაღს. ბევრი ვიმოგზაურე საბჭოთა კავშირშიც – ბევრჯერ ვიყავი მოსკოვში, ლენინგრადში, უკრაინაში, ბელორუსიაში, სომხეთში, ჩრდილოეთ კავკასიასა და შუა აზიაში, ვეცნობოდი სოციალიზმის მშენებლობას, ახალ ხალხებს, მათ შორის პოეტებსაც.

ასე მზადდება ჩემი ახალი წიგნი დიდ საბჭოთა კავშირზე – „სამშობლო“.

 

ტიციან ტაბიძე, 15 აპრილი, 1936 წელი

თბილისი