კოლაუ ნადირაძეს
(პოემიდან „მიმართვა მეგობრებს“)
როგორც ზეციდან მტრედების ჯოგი
მიწაზე ჰფანტავს უნაზეს ჩეროს,
როგორც ურმული გადადის ბოგირს
და ოდნავ არხევს ნაძვების წვეროს,
როგორც დასტოვებს ალაზნის ლოგინს
და ცაში კვნესით შესცურავს წერო, –
ასეთი მინდა წერილი ზოგი
როგორც პასუხი, ძმაო, მოგწერო.
მაგრამ სიჭრელე და გაორება
ამ ჩრდილოეთში ზომა მეტია,
მეც მომიძებნეს მკერდი ქორებმა,
გულში ვატარებ ნისკარტს წვეტიანს,
სიცივე ჩადგა ყინვის ტბორებად,
ოთახის კარი ჩამაკეტია,
სურდო, ხველება, ხშირი ზმორება
მოახლეებად გადამწყვეტია.
ქართულად ვთარგმნი პუშკინის ამბავს,
ახლა ჯერშია მისი „ციგნები“,
მაგრამ სიჩუმე საუბარს აბამს:
„მარტო ხარ, მარტო, მარტოც იქნები!“
ვკითხულობ შოთას, ვაჟას და საბას
და ვერ მშველიან მათი წიგნებიც,
ვწვები… თავამდე ვიხურავ საბანს
მესმის „მარტო ხარ, მარტოც იქნები!..“
და ასე ღამეს მოჰყვება ღამე
და მოდის დილა საღამოს მზგავსი,
ძმაო, მომწერე ისეთი რამე,
ჰქონდეს ჩვენს ბაღში საუბრის ფასი:
ჩემს სადღეგრძელოს თუ ისევ სვამენ,
ჯერ თუ მთელია საჩემო თასი,
თუ გამოაკლდა ვინმე ჩვენს ცამეტს
და პოეტების დაინგრა დასი.
თუ ცოცხალია შაშვების დასტა
და დარჩა ბაღში მათი საკვები,
თუ ჩემს მედეას დაეტყო გაზდა
და ისევ არი ჩემი საქები,
თუ შენ და ნინა ხშირად ხართ მასთან,
არ ივიწყებენ ამხანაგები,
თუ ზაფხულამდე უჩემოდ გასტანს,
ისევ ვუყვარვარ თუ ვეძაგები.