გზა მშვიდობისა – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1936

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26686-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

გზა მშვიდობისა

როცა ხშირი წვიმის შემდეგ

ცა ზაფხულის მოიდარებს,

და დახედავს მზე – კიდემდე

გადაცვარულ კოინდარებს,

მზე დახედავს გაშლილ კვირტებს

სოველ ქვიშას, თივას დაშლილს,

მაშინ უნდა დააკვირდე

მთიდან ცამდე მისულ ტაშირს.

მაღლობიდან მწვანე მორბის

მწვანე ჩარბის ფერად ბარში,

და ერევა ფიცხი ხორბლის

მოშრიალე მწიფობაში.

ხოდაბუნის მაღალ პურებს

შესჩვევია ოქროს ბური,

ხის ჩეროში შემდგარ ურემს

უდის სუნი დამცხვარ პურის.

გზის ნაპირად ღარზე წყარო

მორბის ჩქარი და ნათელი,

მოჩქრიალობს, მოხტის, ხარობს,

როგორც ნარდში კამათელი.

შარა გზაა ვიწრო განის

ორი ურმის შესაქცევი,

მაგრამ გრძელი გასაქანით

იგი მიდის სადღაც ზევით,

მიდის მაღლა, მშვიდი, ნელი

როგორც მთვარე შუა ცაზე,

და თან მიაქვს საკვირველი

უხვი ბარის სილამაზე.

და რა ახვალ უღელტეხილს

შეაჩერე ქიმზე ცხენი;

ბარის სურნელს, ბარის ხეხილს

და გზის გრეხილს დაეხსენი,

გადახედე ორ მთას მაღალს

თითქოს ერთს და განუყოფელს

და მათ ძირში ქვევით, სადღაც

ერთს ყალიბში ჩამჯდარ სოფელს.

კლდეებს შუა მოსჩანს ზეცა,

როგორც ვიწრო ლურჯი ხიდი,

ამ შორეულ, ამ უეცარ

ცას და მიწას დააკვირდი.

სოფელს აკრავს ღია ბინდი

და იგია ხონჩის მსგავსი,

ბოსტნეულით, მწიფე შვინდით

და დარჩეულ წაბლით სავსე.

გაღმა სახნავ მიწას დაშლილს

ღვედად მისდევს ხნულზე ხნული,

აქეთ ბარში – მწიფობაში

შესულია ჭირნახული.

მზე გადაღმით ხვატს ვერ აჩენს

რა გინდ უხვად სხივებს ღვრიდეს,

აქეთ ტბაში სცხელა ყანჩებს

და ტოტებზე შემჯდარ გვრიტებს.

მთის მდინარე, გესმის, რეცხავს

კლდის ნაპირებს სოფლის ქვემოდ,

აგერ მოაქვს შენთან მერცხალს

იმ მდინარის შხეფის გემო…

 

***

იმ სოფელში, იმ დაბალში

ერთია უეჭველი:

ვაჟი იყოს სულ მთა-ბარში

ქალი მატყლის მჩეჩელი.

ვაჟი ტყვიას ჰკრავდეს ვაცებს

ან მგელს უჯდეს საფარში.

დედა ზრდიდეს დიდ ვაჟკაცებს

ნანაში და ზღაპარში.

გადივლიდეს ვაჟი ცხრა მთას

მეხი შეხვდეს მქუხარი.

და ხვდებოდეს მძიმე ზამთარს

მოტკაცუნე ბუხარით.

ვაჟი ხდიდეს, სვამდეს არაყს

მადას გაიმგელებდეს,

უსინჯავდეს ფხას იარაღს,

ცხენსაც ააგელვებდეს.

მდინარეზე ხიდი გასდოს

თევზს ჩაუდგას ფაცერი,

თავს უყრიდეს ქალი ქატოს

ახალციხურ საცერით.

ვაჟმა სიპში ჰფეროს კავი

მიწა დასძრას ახოში,

ქალმა დროზე უკრას თავი

ღორებს საბალახოში.

სწვავდეს მუხის, წაბლის ნახშირს

ვერ აჯობონ ტოლებმა,

დაჰკიდოს და ჭვარტლოს შაშხი

ქარვისფერი ზოლება;

და ორთავე, – რა მოაღწევს

დარიანი შაბათი

შეხვდენ სტუმარს ფიჭვის ტახტზე

გაუშალონ ნაბადი.

ასეთია მთაში ხალხი,

მათი ყოფნის სურათი,

მომუშავე, როგორც ჩალხი

და ამიტომ პურადი.

 

***

მაგრამ გავა და გადავა

წესი, რაც სოფელს რგებია,

ერთი მსუნაგი ცხრათავა

ამ სოფელს ჩასაფრებია.

ბნელია, ბნელ აზრიანი

გულით ხომ უფრო შავია,

მთებში ქუხილის ზრიალი

უფრო ტკბილ სანახავია.

რა არი ვაჟი მწყესოდეს,

ქალმა აბუდოს კრუხები

და არც ერთს აღარ ესმოდეს

არც კითხვა, არც პასუხები

მისი, რაც დედა ენაში

პირველ გვერდზევე სწერია,

და რასაც ბარის ვენახში

უკვე ბავშვები მღერიან.

მთამ ცა წვეტებით დასერა

დაბლა წიგნისთვის მძინარმა,

ქვაზე ვერა სთქვა, დაწერა

ქვის მთლელმა უცოდინარმა,

დედამ უხსოვარ გმირებთან

ერთად დაარწო აკვანი,

და სხვისგან იზეპირებდა

ძველ წირვას მღვდელ დიაკვანი.

 

***

როდესაც კვირტი გავაშლდა,

ყვითლად წამოდგა იელი,

იმ გაზაფხულზე დავაჟდა

ერთი ფეხმარდი მთიელი.

უკვე იმისი ულვაში

ლოყაზე ჩეროს აფენდა,

ჩაასხა ღვინო კულაში

და სამჯერ დაცლაც გაბედა.

თოფს აეკიდა კაჟიანს

გამოცდილივით დაკვესა,

ამბობდენ – ვისი ვაჟია

გასტოლებია ნაძვებსა…

ტყეში მრავალი ღორია

ზანზარა ეშვებიანი,

წაბლის დაყრილი ყორეა

რკოც დაფანტულა რძიანი.

მგელია, ჯოგად აყრილი

ძროხის სუნიან კვალზედა,

ირემი რქებ გადახრილი

მიმდგარი მლაშე წყალზედა.

შველი ფეხ, კისერ მაღალი

ზურგზე სხივ ჩამომდინარი

მონადირისგან დაღალვით

ღვიძლი შვილივით მტირალი.

ტყეში გოდრებით არიან

შესული ოქროს ზოდები…

და როცა გრიალქარია

ერთმანეთს სტეხენ ტოტები.

ამ ტყეში, უღრანიანში

ვაჟი შეთავსდა რა ხანი,

ტყვიას არტყავდა ტყვიაში

გაჰქონდა ცულის ჭახანი.

მდინარეს მორებს ესროდა

შეჰკრავდა მორებს ბარისას,

არც შრომა არ მობეზროდა

არც ჟლეტა მგელთა ფარისა.

მამლის ყივილზე დგებოდა

შეკრული იარაღითა,

მზის უმალ შინ ბრუნდებოდა,

მხარზე გადებულ ტახითა…

 

***

ერთხელ, რა ღამე გასრულდა,

ვარსკვლავნი ჩაჰქრენ მწკრივებად,

ადგა, არც სროლა არ სურდა

არც შესმა, არც გაკრივება,

ცხენი მორთო და აბურა,

აბგით საგძალი შეჰკიდა,

მზემ მთის ნისლები გაჰბურა,

სხივი სხივს გამოეკიდა,

მოახტა ცხენსა ჭაბუკი,

ფეხი უზანგში ჩარაზა,

და გაჰყვა როგორც ქარბუქი

მზის სხივს და მთების შარასა.

სხვა მთაში სხვა სოფელია,

უფრო ლამაზი სანახი

გარშემო უზოგველია

ცხვარის გამზდელი ბალახი,

კალმახი წყალში ბევრია,

კლდეში არჩვები არიან,

ერთი ისეთი სერია –

მთლიანი ყვავილნარია.

ერთს მუხას მიწით ზეცამდე

გაბარდნილი აქვს ტოტები,

მას გრიგალები ლეწავდნენ,

უსტვენდნენ მიკიოტები.

უხსოვარს და უთარიღოს

მაინც მთასავით სძინავდა,

ისე სდგას როგორც მდგარიყო

იმ ათასი წლის წინათა.

იქ მიდის, აღარ თავდება

მთა, მთაში გადამდინარი

და სილამაზის თავდებად

სდგას და ელვარებს მყინვარი.

ბუნების სავსე თაროში

ძნელია საგნის არჩევა,

მაგრამ ამ სანეტაროში

ერთი რჩეული დარჩება.

სულ ერთი კაცის ბრალია,

რომ სხვაზე უკეთესია,

ის ჩვიდმეტი წლის ქალია,

ის ფეხშიშველა მწყემსია,

ამ სოფლის ნაირ ქოხებში

არ არის მისი ბადალი,

ამაყად დადის ძროხებში

ეს ფეხშიშველა სარდალი.

ძროხები მასთან არიან,

დადიან, მოიძოვებენ,

თვით სჭამენ ბალახს ცვარიანს,

ყვავილებს მას უტოვებენ,

ერთად მიდიან თარეშით,

სადაც გახსნილი მთებია,

და მწყემსთან მთის მდინარეში

ძროხებიც აცურდებიან.

ხეებმა წყალში ჩაყარეს

ჩრდილები, როგორც რტოები,

მწყემსი გაწვება, საყვარელს

გარს ევლებიან ხბოები.

შვილებს დედები ლოკავენ

ნაზები როგორც ქედნები,

და ალერსს არ იზოგავენ

რძის მათრეველა დედები.

დედა შვილური ალერსით

ქალია აღტაცებული.

რძით, სისხლით უმხურვალესით

ჩვიდმეტი წლით ავსებული.

 

***

ახსოვს შორეულ მანძილით

ბინაში მოჰყავს ნახირი,

კლდეზე ჩამოდის ყმაწვილი

ჯიხვის სიმძიმით დახრილი.

მიწა მთლად გადაიზოლა

მისმა ლანდებმა დაჭედა,

მოვიდა ჯიხვი, ისროლა,

და დიდს ბალახში გაჩერდა:

პირველი კითხვა რა იყო

დღესაც არ ახსოვს კარგადა,

მეორედ ხმა რომ გაიღო

ის კაცის ნათქვამს არ ჰგავდა.

შემდეგ სულ ვეღარ გაიგო,

მის ნათქვამს ქარი ჰკარგავდა

ის სიტყვა, თან რომ წაეღო

შიგ თავის გულში დარგავდა.

გაიქცა, ჯოგს გაერია,

იკვნესა გულის უჯრიდან…

ნეტავი რა ჰაერია

რომ სუნთქვა ასე უჭირდა.

ეს გაახსენდა… გახედა

ჩქერების ატარტმანებას,

მდინარე კლდეს აჯახებდა

წყალსა და ქალის ზმანებას.

მზე ხეებამდე დავიდა,

დალაგდა ყვითელ კონებად,

და ქალმა ისევ თავიდან

დაიწყო ის მოგონება…

წყალის შხეფი და მზის სხივი

შეეგებენ ერთმანეთსა,

მაგრამ სხივი, ის გულ ცივი

გაეკიდა ახალ წვეთსა.

ახლა შხეფმა მოიტაცა

ეს პატარა ოქრო მკედი,

ერთს კრიალა ლიპზე დასვა

თვითონ დაჯდა იმის გვერდით.

ნეტა რა ჰქნა წყალის ბავშვმა,

სხივთან ერთად როგორ მოხვდა,

იგი სხივის ალით გაშრა

და საყვარლის გვერდით მოკვდა.

ახლა კი ფიქრი ახირდა

გული შევიდა გმინვაში,

წამოდგა, თავის ნახირთან

ერთად დაბრუნდა ბინაში,

დიდი ქვა გზასთან გდებული

მოკლული ჯიხვი ეგონა

მირბოდა ფიქრ მოდებული

რომ სადმე ხმა გაეგონა –

ხმა, კლდეებში რომ გაისმის

მაისის მეხის ჭექითა,

და რამაც ქალი დაისის

ოდენა ცეცხლზე შეჰკიდა.

 

***

ჩვენმა მხედარმა გაკვეთა

გაუთელავი კალთები,

გზები პატარა ვაკეთა,

ბილიკი და აღმართები,

მთას ავა, კიდევ მთებია

გადაღმა შესახედავი,

არწივს ჰგავს, გაშლილ ფრთებიანს,

სერზე გაკრული მხედარი.

ზაზა (ეს არის სახელი

მხედარის თავმომწონისა)

ის იქნებ არის კახელი

ან მწყემსი მამისონისა,

ეს სულ ერთია, შეთვისდა

მასში, რაც მთაში ტკბილია,

ყველა მთიელი დედის და

რიჟრაჟის გამოზრდილია.

ზაზა სოფელში შევიდა

როგორც ეზოში მაყარი

სხივები ჰქონდა ზევიდან

ჩოხაზე ჩამონაყარი!

ხალხმა შარა გზას გახედა

ქროლვა გამოჩნდა ქარული,

ჭერებზე ჩალას არხევდა

შარას ჩამდგარი თქარუნი.

 

***

მებადურებში ცნობილი

პირველ თავ მებადურადა,

ყარამან, ზაზას ძმობილი

ეზოში ბადეს სწურავდა.

ბადე საშრობად გაშალა,

მუხლები დაიკარწახა,

უცბად გახედა გზა შარას

და გამარჯვება გასძახა.

მოვარდა, შემოეჭენა

ზაზა, უბადლო ძმობილი,

ყარამანს იგი ეჩვენა

სასიძოდ გამოწყობილი.

ჩაემეგობრა, ჩაეკრა

ძმასავით სანდობ მკერდშია.

აღარ იცოდა რა ექნა

რომელი სიტყვა ერჩია.

როცა შეხვდები საწადელს

მაშინ გრძნობებიც სწრაფია

უთხრა: „ჯერ, ძმაო, მაცადე

შენ ცხენს მივხედო ქაფიანს,

შენია მთელი სახლ-კარი

ცხენის კი მთელი საკვები;

ამ თივას ხელი გაჰკარი

გაშალე ქვეშ გასაგები…“

ყარამან ცხენს ეფონება

შეუშვა მოსართავები,

გადმოულაგა კონებად

ქერის ბზე და თავთავები.

ღელეზე შეჰკრა სათავე

ცხენისთვის საბან, სატოპად

შეხსნა ცხენს ლაგამ, სადავე

და არხეინად დატოვა.

 

***

„ეგ შენი თავი თივაზე

ნეტა სარკეში გაჩვენა;

მითხარი, როგორ იაზრე

შევარდენივით გაჩენა.

მდინარეს ასჯერ დავყევი

როცა აიმღვრა, ადიდდა,

გავხადე ნამათრახევი

ჩემი სასროლი ბადითა.

კაკლის ფოთლებში ვახვიე,

კალმახი თითო მტკაველა,

მთას აველ, მოცვი ვახვიე,

ვეღარსად შეგხვდი მთა-ველად.

უფრო თანდათან კვნესოდა

ნაღველი მარტოობისა,

შენი ხმა აღარ მესმოდა

აღარც ხმა შენი თოფისა.

ვიარე ზურგით მზიდველი

თევზის და სოველ ბადისა,

ვერც ვნახე კვალი წითელი

შენგან დაკოდილ დათვისა.

ნეტა სად იყავ წარამარ

გადაქცეული ნატვრადა…“

– ასე ამბობდა ყარამან

და თან კალმახებს ჰფატრავდა.

 

***

„ერთი ქალი, თვალმაყვალი

ვნახე სოფლის ახალ გზასთან,

შენზე უფრო ტანმაღალი,

ჩემზე უფრო ახალგაზრდა.

ჯერ ისეთი ფეხშიშველი,

ჯერ ისეთი თვალტანადი

არ მინახავს ტყეში შველი

არც ახლა და არც მანამდი!

რომ აჰკრავენ ხორბალს ნიჩაბს

და ხორბალი ქვევით სცვივა,

მისი თმები ასე მოჩანს

და ამ თმების ქარში მცივა.

ყველას ტოლობ, ყველას იცნობ

მისული ხარ ხალხთან ახლო,

ერთხელ კიდევ უნდა მიძმო,

და ის ქალი დამანახო!“

 

***

„მაგ შენი გულის ცხელებით

დადექ შუადღის ავდარში,

მე ჩაგწერ ჩემის ხელებით

შენ საქორწინო დავთარში.

ვიცი ის ქალი ვინ არი

და სხვა სახელსაც არ ველი,

კუტი ბაქარის თინაი

ჩვენი ჯოგების მფარველი.

წრეულს ავიდა ვენახად

მხრებზე თმა გადაწყობილი.

ნეტა იმ დღესვე გენახა

ყარამან, შენი ძმობილი,

როდესაც გაშლილ შარასთან

შემოგხვდა შეფითრებული,

და მის გარშემო ჩარაზმდა

შენი გრძნობების კრებული.

იმ მდუღარების მოდებით

ჩემთან მოვიდა პირველი,

მე ვიყავ მისი გოდების

ნუგეში და დამტირველი!

ზაზა! ზედიზედ მოდიან

ვინც გულდამწვარი დარჩება,

და ჩემთვის ძნელი როდია

მათი ტკივილის გარჩევა.

მტვირთავენ და მიხარია

არავის არ ვემდურები,

ასეთი ხალხი არიან

საწყალი მებადურები.

საქმე ეწყობა კეთილი

და ნათელივით მარტივი,

ბაქარი წელმოწყვეტილი

ვნახოთ, ვცეთ ჩვენი პატივი.

მას შვილი ესახელება

მის ბედს მოელის ოცნებით,

მისი დამჭკნარი ხელებით

მჯეროდეს დაილოცები.

სიმამრი დღეს თუ განახე

გვინდა საგზაო მარაგი!

დაუტრიალდეთ კალმახებს,

დავლიოთ პანტის არაყი“.

მისდევს ქოხებს და საბძელებს,

გზა მოკლე გადასალახი,

ეზოს შევიდენ, გასთელეს

გაუთელავი ბალახი.

ქოხი სდგას ჩვეულებრივი

რიყის ქვით ნამუშევარი,

მოკლული ყვავის ფრთებივით

ჭერზე აყრია ყავარი.

ქოხი შავია სრულიად

ჩამოზნექია განივი,

და ერთგან შენგრეულია

საყდარის გალავანივით.

ავიდენ, კარი შეაღეს,

შეკრთენ და შედგენ ერთხანად,

თითქოს ხელები შეახეს

რაღაც გადასულ ქვეყანას.

თითქოს ოთახში ბურია

კვამლი სდგას აქ შარშანდელი,

კაცს ქეჩა გადუხურია

უნთია თაფლის სანთელი.

ზაზა დიდ ტყეში ყოფილა

ბნელ ღამით შემობურვილი

და ამან დააწყობინა

აქაც მომდგარი სურვილი.

დაიწყო – „ძილ მოდებულო

წარჩინებულო ბაქარო,

ნახევრად წყალში დებულო

ალგეთის ქვაო მაგარო,

მოვსულვართ მოგვიტანია,

დიდ მთების შემოძახილი,

მტერს სჭრიდა თავით-ტანიან

შენი ნაცადი მახვილი!

მე ზაზა მქვიან – მამაჩემს

იცნობდი, გამიგონია…

ესროდით თოფს და დამბაჩებს

მთავარ დათვს, ყვითელ ქონიანს

მე მას არ დაუვარდები,

თუმცა ჯერ კიდევ ნუკრი ვარ,

შემომსევიან დარდები

და თითქოს გულში ვუკრივარ.

მე ქალმა შემომისია

დარდები ცალ და ცალობით,

ჩემი ქვეყანა მისია

და მას შესცქერის გალობით.

ეს ქალი შენი შვილია

სიწმინდით დაუძრახავი,

ცა თვალით შემომივლია

არ ვარ ისეთის მნახავი…

დედა მყავს ცამდე მართალი,

მამა მორივით მაგარი,

მაქვს წლევანდელი ნათალი

ბორბლები და ზესადგარი,

თოფი მაქვს ჩახმახიანი,

ოთხ ფეხიანზე ნაცადი,

ხანჯალი მწარე ფხიანი

ყაბარდოული ნაბადი,

თვალი მაქვს ნიშნის ამღები,

ხელები მუხის მჩეხელი,

არ მაქვს ვენახის ბაღები,

არც მოპირული ბეღელი,

არა მაქვს არც საკუთარი

წისქვილი კოდის ღარებით,

არც ცხრა უღელი გუთანი,

არც ჩერქეზული ხარები,

არ მტანჯავს არც უმიწობა,

არც ოქრო მინდა მაცდური,

მე მინდა შენი სიძობა,

მომეცი შენი დასტური.

ჩემთვის სიმდიდრე ეს არი,

სხვა შეედრება რომელი,

ცაში მეხია მკვესარი,

სოფელში მე ვარ მშრომელი.

გული შუაზე იყოფა,

ეს ზნე არ არის ადვილი,

ვერავინ გადამიღობა

შემოვარდნილი წადილი.

მომეცი შვილი, ვაცხოვრებ

არ აკლდეს არავითარი,

შენ შენი სული აცხონე

მე კი გამხადე მდიდარი.

ეს შენგრეული სახლ-კარი

მიეცი შენზე გლახასა,

შენი დღის ნაამაგარი,

ხომ ხედავ წლებმა დახავსა.

წამოდი ჩემთან… ხურებით

აენთო გულის საკირე…

ერთგულად გემსახურები

როგორც რომ მოჯამაგირე,

თუ არჩვის წვადი მოგინდა

არჩვის მოგივა ნარჩევი,

თუ მოკვდი, აქ ამოგიტან,

არა და ჩემთან დარჩები.

ეზოში თავს შეაფარებ

მოლზე დაფანტულ ჩრდილებსა,

ჩეროდან ჩეროს გატარებ,

დაგასევ შვილიშვილებსა“.

 

***

წამოდგა ბერი ბაქარი

წელს ზევით კიდევ მაგარი

წელს ქვევით მკვდარი ნახევრად,

სტუმარს მდუმარეთ გახედა,

წვერზე მარჯვენა დაისვა

და ხმა კანკალით გაისმა –

„- ვაჟო, საიდან მოგინდა

მოსვლა ამ ბედკრულ ლოგინთან,

ამ სამარიდან ნათქვამით

რაღა სიხარულს მოგიტან.

მოსულხარ შვილის ბადალი,

სიტყვა გაქვს კარგად ნათალი,

ნეტა მას ვისაც უნახავს

მაგ შენი თოფის ნადავლი.

გეტყობა, გახლავს ზრდილობა,

სიტყვაში გამოცდილობა,

ალბად იცი რა მწარეა

და ტკბილი მამაშვილობა.

დამემხო ზეცის კამარა

ვგდივარ ამ შვილის ამარა

სული მისია, ტანი კი

ხომ ხედავ დამესამარა.

ქურდიც რომ იყო ფარული,

საავოდ შემოპარული,

როგორ წაგართვა ხელიდან

იმედი და სიყვარული.

თუ გემი ნაპირს მიაკვლევს,

ქარი შეუდგეს იალქნებს,

იღბალს თავისი იღბალი

ინდოეთიდან მიაგნებს.

გემრავლოს ნამამაცარი,

შრომით ნახული რაც არი,

მე ნუ წამიყვან რად უნდა

კერიას ცივი ნაცარი!“

 

***

გაიღო კარი… შეთენდა

თითქოს აენთო ნაცარიც,

გაოცებული კედელთან

სდგას თინა – სახედამწვარი,

ხედავს ვინც ცხადად ახსოვდა,

ხედავს სანატრელ მკლავიანს;

ყარამანს მიუახლოვდა

და ჰკითხა – „რა ამბავია?“

სანამ ყარამანს სააზრო

სიტყვები აუბოგინდა,

უკვე ბაქარმა დაასწრო

მოიხმო შვილი ლოგინთან

და მწარე თვალცრემლიანმა

ჯერ უთხრა რაც კი ეტკინა

და შემდეგ რაც კი იამა

რაც ზაზამ გააგებინა.

 

***

წვიმაში ხომ ხმელი თივა

ინამება ღერო-ღერად,

ბაქარს წვერზე ცრემლი სცვივა

ცა ჰგონია თავის კერა,

ხედავს, ისმენს – შვილის ბედი

აგერ სდაგს და აგერ სუნთქავს,

უცქერს შვილს და ღელავს მკერდი,

შვილს პასუხი რომ არ უთქვამს,

ადგა ქალი – გარედ დღეა,

გარედ ისმის სუნთქვა მიწის,

თითქოს ველად ორი ხეა

და ორივე ერთად იწვის.

ასე სდგანან თინა, ზაზა,

გარედ მიწა სუნთქავს ცხელი –

უცბად თითქოს გადიხაზა

ცა შვიდფერი ცისარტყელით,

თითქოს ერთმა ტკბილმა ნანამ

მთელ ქვეყანას გადუარა,

ზაზა ძგერამ აიტანა,

გაიგონა – „რატო არა“.

„რატო არა“ – ქალმა ბრძანა

და გავარდა ქალი გარეთ –

ორი სულის ორი ნანა

გადაშორდა ქოხის კარებს.

ის ნიავმა აიტაცა

და შეუწყო თავის ენა,

მთას გასცილდა, ტყეებს გასცდა

და მწვერვალზე დაისვენა.

ბერი ამბობს – მკერდს მილეწავს

ჩემი კერის გაცივება,

შეახალეთ თოფი ზეცას

გაიგონონ არწივებმა,

ხმა მოედოს მთაში არჩვებს,

აღვდექ ზეზე – აღარ ვწვალობ.

ჩვენ წავიდეთ – ქოხი დარჩეს

თქვენი ბედის სანაცვალოდ.