შავი ღალატი მუხანათური
ესპანეთის ხალხს შემოპარვია,
და სისხლიანი ხელის ფათურით
მის ქალაქებში მტრები არიან!
მიწა ზრიალებს, ტყე იბუგება
და წამლის კვამლი ცას ეფინება.
გადაქცეულა საზარ შუქებად
გახშირებული ტყვიის დინება.
მაგრამ მონობა ხალხს არ ნდომია,
აღსდგა ერი და მიდის გმირული,
სადაც ცეცხლია, სადაც ომია
და ტყვიის წვიმა კოკისპირული.
ნაბიჯის შეშლა, ოდნავი ხათრიც
და უკვე ბედი დაკარგულია:
ამხანაგებო! დახედეთ მადრიდს,
ის მთელი ერის რკინის გულია.
მტრების გვამები მაღალ ზვინებად
მის მიდამოებს შემოჰფენია!..
უკანასკნელი გულმოდგინება
და ესპანეთი ისევ თქვენია.
მიხედეთ ბავშებს, მათი აკვანი
სისხლის მორევში ატორტმანდება,
და სამუდამო ციხის საკანი
მათ გადააქცევთ მშიერ ლანდებად.
ცოლებს მიხედეთ – ბატონს დარჩება
მათი ქალური პატიოსნება…
ხვალ სიხარული, დღეს გამარჯვება!
აი, ქართველი მგოსნის ოცნება.
და ეს ოცნებაც მოვიდა ახლო,
და შენ სხივებად გადმოგეყარა:
წინ, ესპანეთის გმირულო ხალხო!
და საყვარელო ჩემო ქვეყანა!
წინ! ასტურიის92 გმირთა გმირებო,
ვინც დამონებას ვერ შეეთვისა,
ცოლ დამშეულო, შვილ ნატირებო,
ყველა ჩაგრულო ესპანეთისა!
დაუბრუნდებით შეჩვეულ ბინებს,
წამოგიძღვებათ დროშა გაშლილი,
და აღტაცებით მიიღებს გმირებს
კეთილშობილი ჩვენი კავშირი.