წითელი ხარის ნაძოვზე
ბალახი აღარ ამოდის – ნაცეცხლარი.
ხალხური სიმბოლიკა
ყვითელი რქებით
წითელი ხარი,
ცხელი და ჩქარი,
ვადიდოთ ქებით.
ცეცხლიან ყვავილებში მოჩვენება წითელი
ცხელი ცახცახით ელის
რომ ქვეყნის ამღერება
იქნება მზის ნადიმი შუადღის მშვენიერება.
გაგიჟდება ალით მხარე. ცისკენ მიჰქრის კვნესით ხარი,
მიწა რქებით მონათხარი ნაკვერცხლებად სცვივა ჰაერს.
ხარის ლანდი გაჩნდა ტევრში. ზღვა აღარ ჩანს ოქროს მტვერში.
მიწის ლოცვა აქ ფრთას ვერ შლის,
ვერ შლის სურვილს ათასნაირს.
ხარსა ხარი მისდევს მზესთან,
ვინ დაითვლის წითელ ხარებს?
ჰაერს ფრთები აუკვნესდა.
ყველა მზისკენ! ყველა მზეში! მიწა ვეღარ გაგვახარებს?
ქვეყნის ცეცხლი რკალში სახლობს,
ის, რაც ცოცხალს შავად ახმობს,
რაც ტყეების დასანგრევად
ცხელ ზაფხულში ჩვენსკენ ილტვის,
სანადიმოდ მოსაწვევად
ჩვენ გვიგზავნის წითელ სიკვდილს.
და მზის ცხოველს, ყვითელ რქებით,
ქვეყნად ცეცხლის ფრთით რომ დადის,
ჩვენ ვადიდებთ წმინდა ქებით
და ვეჩქარით ალურ ნადიმს.
ჟურნალი „აისი“, №1