სონეტით მინდა, ჩემი გრძნობა შენდამი ელლი
შენს სულს გადავცე!.. მაგონდება სოფელი შორი;
ერთმანეთს შევხვდით; ყვავილებით ხარობდა ველი.
იყავი ნაზი, ისე როგორც ტყის ნიამორი.
მე შემიყვარდი… და მიყვარხარ… და მარად გელი,
მე მინდა შენი სიახლოვე, შენი ამბორი,
შენთვის ვოცნებობ მე, სონეტით მადიდებელი,
და შენით, ელლი, ანთებული, მზის თანასწორი.
ყვავილებია ჩემს გარშემო!.. მაისი მინდა…
ჩემო ბაღებო, აყვავილდით, იმხიარულეთ!
გაზაფხულის დღე, შეხვედრის დღე ხომ დაგვიბრუნდა?..
იცხოვროს ყველამ სიხალისით და სიყვარულით!..
და ამ ბუნების მე მანამდე ვარ გადამკიდე,
სანამ იმედი დამპირდება, რომ გნახავ კიდევ.
გაზეთი „სამშობლო“, №159