საკუთარ თავს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1934

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

საკუთარ თავს

დაჯექ, დაწერე, დახატე,

რითაც ცხოვრება ივსება,

მიეც დამშეულ ქაღალდებს

საშვილიშვილო თვისება.

 

გარეშე საქმეს გადარჩი,

მან ხალხი გააგულისა,

გასინჯე ცეცხლის ღადარში

სიმაგრე ლექსად თქმულისა,

 

ვერ ნახო სიტყვის გარეშე

სხვა მოწოდება მაღალი,

ჰანგებით იანგარიშე

ცხოვრების აყალმაყალი.

 

სიტყვა ტოლია ისართა,

მიზანში მოეკიდება,

დაწერე როგორ იზარდა

ჩვენი თაობის დიდება.

 

როგორ უშენდა სიმარდით

ლიახვს გამართულ ანკესებს,

როგორ აივსო სიმართლით

ღარიბ ოჯახის ჰანგებზე.

 

დაწერე მტერთა ბანაკზე

და სიხარულზე მიწისა,

ანდა პოემა განაგრძე

დახვრეტილ ჯაფარიძისა.

 

უნდა თქვა ხმა საკახეთო,

მისი ველები გელიან,

ან ახალ თვალით გახედო

მურძაყან დადეშქელიანს84.

 

რად იყო დასატანჯავი

დიდი წოდების პატრონი,

რისთვის გააპო ხანჯალით

რუსეთის გუბერნატორი.

 

დაჯექ, დაწერე, დახატე

შენთვის ულუფად ნაწესი,

ახალ თქმულებად გახადე

ამბავი სააკაძესი85.

 

ეძგერე გულგამწარებით

მას, ვინც სხვა ფიქრით გართულა,

ბადალ, თანატოლ პწკარებით

გვითხარ პუშკინი ქართულად.

 

ხალხი გელის და ფარულად

გაძლევს გაკვეთილს ვადიანს,

მას შენი სიტყვის მარულა

თვალგატაცებით სწადია.

 

დახედე, როგორ იხაროს

დამწყვდეულ სიტყვის აშვებით,

ვარდებად გადმოგიყაროს

დამზადებული ტაშები.

 

დაჯექ, დაწერე, დახატე,

რაც ბუნებაში გელექსა,

მიეცი სარჩო არხვატელ

ფანდურზე კარგა მთქმელებსა.

 

ბუნებამ რომ დაარწიოს

შენი უბადლო ხელობა,

და რომ სიმღერამ გასწიოს

დროშების მაგიერობა.

 

რომ ლამაზ თქმაში გაშოლტო,

რაც დარჩა გულის შიგნითა,

რომ ამაყობდეს სამშობლო

შენი მდიდარი წიგნითა.

 

ვინც ერთგულ მიწას მსახურობს,

წიგნს ეცეს თვალგამალებით,

რომ შემდეგ ტკბილად დახუროს,

როგორც ძილისთვის თვალები.

 

და როცა წადილს ერგები,

წრე გაიშლება განდაგან,

შენც ხალხში დაინერგები

დაუმარცხებელ ქანდაკად.

 

მტერს კი დარჩება სახადად

ძახილი დაუცხრომელი:

დაჯდა, დაწერა, დახატა,

და მოკვდა, როგორც მშრომელი.